3+3 ფორმატი

სამხარაძე 3+3 ფორმატზე: სანამ არ მოხდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, მასში არ ჩავერთვებით

რაც შეეხება 3+3-ს, აქ გვაქვს ცალსახად ჩამოყალიბებული ძალიან მკაფიო პოზიცია. ვიდრე არ მოხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია რუსეთის მხრიდან და რუსეთი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მანამდე ჩვენ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ განვავითარებთ ორმხრივ ურთიერთობებს თურქეთთან, არ შევეცდებით, სამმხრივი ურთიერთობების ფორმატი ჩამოვაყალიბოთ საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანის მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კავკასიაში შექმნილი იყოს ისეთი ამინდი, რაც ხელს შეუწყობს, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობას. ამ ე.წ ფორმატის ერთი ქვეყანა როდესაც უხეშად არღვევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რა თქმა უნდა, იმ ფორმატში მონაწილეობას აზრი ეკარგება...

ეს ფორმატი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის არ გამოგვადგება... ჩვენთვის 3+3 სწორედ რუსეთის გამო არის მიუღებელი ფორმატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთიშებით შიდა კავკასიურ პროცესებს. გვინდა თბილისი იყოს ადგილი, სადაც დიდი სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდება.

ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე პირველი არხის ეთერში ე.წ 3+3 ფორმატის შეხვედრის შესახებ საუბრისას.

3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრა 2024 წელს, თურქეთში გაიმართება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ საქართველო პლატფორმას მალე შეუერთდება, რადგან, მისივე თქმით, თბილისის მოქმედებები "ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს".

კომენტარები