3+3 ფორმატი

3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვის იმედი ირანმაც გამოთქვა

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი
AFP

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა 3+3-ის პლატფორმის შეკრების დროს იმედი გამოთქვა, რომ ფორმატს საქართველოც შეუერთდება.

"ვიმედოვნებთ მომდევნო შეხვედრებში, რომლებიც სამხრეთ კავკასიის პრობლემების განხილვას დაეთმობა, საქართველოს კონსტრუქციული და ეფექტიანი მონაწილეობის მომსწრე გავხდებით". – თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

3+3-ის ფორმატის მორიგი შეხვედრა, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ირანში გაიმართა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ფიქრობს, რომ საქართველო პლატფორმას მალე შეუერთდება, რადგან, მისივე თქმით, თბილისის მოქმედებები "ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს".

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა და მას ქართული მხარე არ დასწრებია. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას თბილისის დელეგაცია არ დაესწრო, მხარეების სხდომის ოთახში აღმართული იყო საქართველოს დროშაც, რაც დაგმო საქართველოს საგარეო უწყებამ.

კომენტარები