უკრაინა-პოლონეთი

პოლონელი ფერმერების საპასუხოდ უკრაინელი მძღოლები საზღვართან კონტრაქციას მართავენ

უკრაინელი მძღოლები პოლონეთის საზღვარზე კონტრაქციას მართავენ და პოლონელ ფერმერებს ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებენ.

კონტრაქციები ერთობლივად სამ გამშვებ პუნქტზე იმართება. უკრაინელმა მძღოლებმა ასევე დაასახელეს თანხა, რომელსაც მათი მტკიცებით, ფერმერები ადგილობრივი პრორუსული პარტიისგან, კონფედერაციისგან იღებენ.

"ბლოკადის გამო უკრაინელი მძღოლები სახლში ვერ ბრუნდებიან. კვირების განმავლობაში დგანან, უწევთ მანქანებში ცხოვრება ყოველგვარი პირობების გარეშე. საზღვარს ფერმერები ბლოკავენ, თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ უკან პოლონელი გადამზიდი კომპანიები დგანან. ასევე, მათ უკან დგას პრორუსული პარტია კონფედერაცია, რომელიც მათ [ფერმერებს] ინსტრუქციას აწვდის. რეალურად მათ უკრაინასთან პრეტენზია არ აქვთ, მათ მოთხოვნები აქვთ საკუთარ მთავრობასთან, ევროკომისიასთან, თუმცა, ჩვენ ვიჩაგრებით". - თქვა უკრაინული საერთაშორისო გადამზიდების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პოლონელი ტრაქტორის მძღოლები საზღვართან დგომისთვის დღეში 100 ევროს იღებენ.

უკრაინელი მძღოლები აცხადებენ, რომ მათი კონტრაქცია, სავარაუდოდ, 15 მარტამდე გაგრძელდება ან იმ დრომდე, სანამ პოლონელი ფერმერები საზღვარს არ გახსნიან.

პოლონელმა ფერმერებმა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი კიდევ ერთხელ, გუშინ გადაკეტეს და უკრაინულ პროდუქტებს ქვეყანაში არ უშვებენ. მათ უკრაინის საზღვრიდან მომავალი 100-მდე გზა გადაკეტეს და გზებზე მარცვლეული დაყარეს.

პოლონელი ფერმერები ამტკიცებენ, რომ უკრაინელ მომწოდებლებთან არასამართლიან კონკურენციაში არიან, რადგან სოფლის მეურნეობების პროდუქტები ბევრად უფრო დაბალ ფასად შეაქვთ პოლონეთში.

კომენტარები