უკრაინა-პოლონეთი

დუდა: არ ვიცი უკრაინა ყირიმს თუ დაიბრუნებს, მჯერა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ

ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა არაა დარწმუნებული, დაიბრუნებს თუ არა უკრაინა ანექსირებულ ყირიმს. თუმცა მან აღნიშნა, რომ, მისი რწმენით, კიევი კონტროლს აღადგენს ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე. პოლონეთის პრეზიდენტის სიტყვებს როგორც უკრაინაში, ისე პოლონეთში კრიტიკა მოჰყვა.

"არ ვიცი [უკრაინა] ყირიმს თუ დაიბრუნებს, მაგრამ მჯერა დონეცკსა და ლუგანსკს დაიბრუნებენ". – თქვა დუდამ Kanal Zero-სთან საუბრის დროს.

დუდამ ყირიმს განსაკუთრებული ადგილი უწოდა და აღნიშნა, რომ ისტორიულად ნახევარკუნძული რუსეთის ხელში დიდი ხნის განმავლობაში იყო.

"[ყირიმი] განსაკუთრებული ადგილია... მათ შორის ისტორიული მიზეზების გამო, რადგან, რეალურად, ისტორიულად რომ შევხედოთ, ის ძირითადად რუსეთის ხელში იყო". – თქვა დუდამ.

დუდას სიტყვებს X-ზე გამოეხმაურა უკრაინის ელჩი პოლონეთში, ვასილ ზვარიჩი და დაწერა, რომ "ყირიმი უკრაინაა, არის და დარჩება".

პოლონეთის პრეზიდენტის მოწინააღმდეგე პარტიის, მთავრობაში უდიდესი პოლიტიკური ჯგუფი სამოქალაქო კოალიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომან გიერტიხმა პრეზიდენტის სიტყვებს "საოცრად შტერული განცხადება" უწოდა და თქვა, რომ სურს მას შეახსენოს, პოლონეთის ზოგიერთი ქალაქი იმაზე მცირე ხანი ეკუთვნის ამ ქვეყანას, ვიდრე სხვებს ეკუთვნოდათ.

დუდას სიტყვების შემდეგ, მის ოპოზიციაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ ვარშავა "უკრაინის დამოუკიდებლობას სართაშორისოდ დადგენილ საზღვრებში აღიარებს".

საკუთარი სიტყვების შემდეგ, ანდჟეი დუდამ X-ზე დაწერა ტვიტი, რომელშიც ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართალს არღვევს და ის არის აგრესორი ოკუპანტი. მან აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა და საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ოკუპაცია დანაშაულია. დუდამ დაამატა, რომ ომი რუსეთის გამარჯვებით არ უნდა დასრულდეს და რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს და დამარცხდეს.

"ჩვენ უკრაინის მხარდამხარ ვდგავართ დაუნდობელი იმპერიალიზმის აგრესიის წინააღმდეგ". – დაწერა დუდამ.

 

კომენტარები