უკრაინა-პოლონეთი

პოლონელი მძღოლები პროტესტის ნიშნად უკრაინულ სატვირთოებს საზღვარზე გზას კვლავ უკეტავენ

სატვირთოები პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, 10 ნოემბერი.
Damien Simonart/ AFP via Getty Images

სატვირთო მანქანების პოლონელი მძღოლები პროტესტს აგრძელებენ და რამდენიმე გამშვებ პუნქტზე 2 800-მდე უკრაინულ სატვირთოს გზა გადაუკეტეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრიი დემჩენკომ გაავრცელა.

ჯამში გადაკეტილია 3 გამშვები პუნქტი. 1 200-მდე სატვირთო კრაკოვეც-კორჩევის პუნქტთან შეფერხდა,  1 100 - იაგოდინ-დოროგუსკის გამშვებ პუნქტთან, ხოლო 500-მდე სატვირთო რავა-რუსკაია-ხრებენეს გამშებ პუნქტთან იყო გაჩერებული. უკრაინულის სატვირთოების ნაწილმა კურსი იცვალა და საზღვრის იმ მონაკვეთებისკენ გაემართნენ, სადაც დემონსტრანტებს გზა გადაკეტილი არ აქვთ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სატვირთოების პოლონელი მძღოლები პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მთავარი სატრანზიტო პარტნიორია. დემონსტრანტები ითხოვენ უკრაინულ სატვირთოებზე მოხსნილი შეზღუდვების განახლებას და ირწმუნებიან, რომ მათი არარსებობით პოლონელი მძღოლების ბიზნესი ზარალდება. ამას გარდა ისინი ითხოვენ აიკრძალოს იმ სატრანსპორტო კომპანიების მანქანების შეშვება, რომლებიც ევროკავშირის გარეთ მუშაობენ. 

ევროკავშირის შეთანხმების მიხედვით, უკრაინულ სატვირთოებს 2024 წლის 30 ივნისამდე ბლოკის ტერიტორიაზე შესვლისთვის სპეციალური ნებართვა არ სჭირდებათ. ეს შეთანხმება კიევთან 2022 წლის ივნისში გაფორმდა, რათა სატრანსპორტო წესების ლიბერალიზაცია მომხდარიყო.

უკრაინელი მაღალჩინოსნები პოლონელ მძღოლებს 13 ნოემბერს შეხვდნენ, თუმცა საუბრებმა უშედეგოდ ჩაიარა. 

ევროკომისიის სპიკერმა პოლონურ მედიასთან საუბარში თქვა, რომ "პოლონეთის მთავრობა, ევროკავშირის წესდების მიხედვით, ვალდებულია უზრუნველყოს გამშვებ პუნქტებზე უკრაინული სატვირთოების თავისუფალი გადაადგილება".

"სოლიდარობის ხაზები" უკრაინასა და ევროკავშირს შორის 2022 წლის მაისში ამოქმედდა და ეს არის ევროპული ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე ომის პარალელურად უკრაინისთვის ევროკავშირთან სავაჭრო გზები ღია იქნება.

იმის ფონზე, რომ რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირებას ცდილობს, სახმელეთო გზები და რკინიგზა უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

კომენტარები