ოთარ ფარცხალაძის საქმე

ფარცხალაძე: შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, რათა ისტორიული სამშობლო დამაკარგვინონ

ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ რუსულ მედიასთან ინტერვიუში მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს "შეთხზული" უწოდა და განაცხადა, რომ "საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა" მასზე ნადირობა გამოაცხადეს. მან ასევე ქართველებს "თვალების გახელისკენ" მოუწოდა, რათა "გაიგონ, თუ ვინ აპირებს, ემსახუროს უცხოელ ბატონებს."

"მე შეთხზული დანაშაულებისთვის მდევნიან, ისეთი რაღაცებისთვის, რაც არ ჩამიდენია იმისთვის, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო დამაკარგვინონ. საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. მე არ მეშინია. ეს ყველაფერი სრულად ამტკიცებს ჩემ მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის სიცოცხლე გავიღო. მოვიდა დრო, დავივიწყოთ ჩვენი ხალხის მტრების მიერ წარსულში ჩადენილი წყენები. ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და გაიგოს, ვინ მოქმედებს მათი ინტერესების შესაბამისად და ვინ გეგმავს, ემსახუროს უცხოელ ბატონებს, რითაც ანადგურებენ ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას. ასე შეგვიძლია ჩვენი სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და რწმენის შენარჩუნება." - ამბობს ფარცხალაძე ინტერვიუში. 

ამასთანავე, ინტერვიუში ფარცხალაძე რუსეთსა და საქართველოს "მოძმე ერებად" ახასიათებს და ამატებს, რომ ორ ქვეყანას "მართლმადიდებლური რწმენა აერთიანებს".

"ჩვენ გვახსოვს, როგორ დაიღუპა 400 000 ქართველო დიდ სამამულო ომში, წითელი არმიის გვერდით და გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოს სიამაყისთვის ბრძოლაში." - აღნიშნა მან.

ფარცხალაძის თქმით, იგი ყოველგვარ ძალისხმევას ჩადებს "ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების გაძლიერებაში, რომელიც პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისთვის საერთო წინააღმდეგობაზე იქნება დამყარებული."

18 თებერვალს ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და "დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს", ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს. პროკურატურის განცხადებით, "ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე".

ბრალდება ასევე  წარედგინათ - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, "რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას". პროკურატურა, "გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", მათთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

კომენტარები