ოთარ ფარცხალაძის საქმე

ბანკები მიუყენებდნენ საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს – თურნავა ფარცხალაძეზე

"მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბანკები მიუყენებდნენ საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს" - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. მისი თქმით, კომერციული საიდუმლოების გამო, საჯარო ინფორმაცია ვერ იქნება ის, სებ-ის დაზუსტებული ბრძანების შემდეგ გაიტანა თუ არა სანქცირებულმა ფარცხალაძემ ბანკებიდან თანხა. თუმცა, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო", თურნავამ "ვარაუდის ფორმით" თქვა, რომ "ბანკებმა გაატარეს ყველა ღონისძიება". მისი განცხადებით, სხვა შემთხვევაში "ბანკების მიმართ იქნებოდა უკვე სხვადასხვა ღონისძება გატარებული".

"მე ვარ ახლა პირველი წყარო, ჯერ გეტყვით, რატომ არ არის და ვერ იქნება საჯარო ინფორმაცია, იმდაგვარად გეტყვით, რომ თქვენი მსმენელისთვის იქნება გასაგები.

საჯარო იმიტომ ვერ იქნება, რომ არსებობს საბანკო საიდუმლოება, რომელსაც ყველა პატივს ვცემთ, ესეც ფუძემდებლური პრინციპია, ეს რომ არ იყოს, არცერთი კლიენტი არ გაგვიჩერდება საქართველოს ბანკებში.

მაგრამ ვინაიდან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მე ვარაუდის ფორმით გეტყვით და თქვენ თუ გნებავთ, მიიღეთ ვარაუდად, გნებავთ მტკიცებულებად, ნება თქვენია: მე მაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ბანკები მიუყენებდნენ საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს გამომდინარე იქიდან, რომ 1. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია: შეინარჩუნონ კარგი ურთიერთობები საკორესპონდენტოებთან. 2. შეასრულონ კანონი კომერციული ბანკების შესახებ, რომელიც მათ ავალდებულებთ, შეაფასონ რისკები. 3. აღასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები, რაც მათ ხელშეკრულებებით აქვთ საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ კრედიტორებთან და იქ პირდაპირ წერია, რომ სანქცირებულთან არ უნდა დაიჭირო საქმე და 4. ყველა კლიენტთან მიმართებით მათ ეს ვალდებულება გადმოტანილი აქვთ და ბევრგან უწერიათ, რომ თუ პირი არის სანქცირებული, ისინი წყვეტენ ურთიერთობას, მათ აქვთ კარგად გადაზღვეული ჩარჩო, რომლითაც დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

ვითვალისწინებდით რა ამას, ჩვენი ბრძანება მოვიყვანეთ კანონმდებლობასთან და კონსტიტუციასთან, მაგრამ ვიცოდით, რომ ბანკები შეძლებდნენ, უკვე თავისი ანალიზის საფუძველზე აღასრულონ სანქციები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოექცნენ კლიენტს უკანონოდ და ამას გადავამოწმებთ, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და ამიტომ აქ ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

მე გეუბნებით, რომ ძალიან საფუძვლიანი მოსაზრება და ვარაუდი, რომ ბანკებმა გაატარეს ყველა ღონისძიება, ეს რომ ასე არ იყოს, ბანკების მიმართ იქნებოდა უკვე სხვადასხვა ღონისძება გატარებული" - თქვა თურნავამ.


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. საგამონაკლისო წესის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცვლილება აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვის შემდეგ მიიღეს.

მეორე დღეს კომერციულმა ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში დარჩებიან. ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ "ქართულ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს," რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. თუმცა, მისი მტკიცებით, საგამონაკლისო წესთან დაკავშირებით სებ-ს ქართულ ბანკებთან "სრული სინერგია" ექნება.

"მინდა განვმარტო: მეც იგივე წინადადებით და ინფორმაციით დავიწყე ბრიფინგი, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აღსრულება არის გაცილებით უფრო ფართე პროცესი, ვიდრე არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებობით დაზუსტებული. სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს" - ამბობდა თურნავა.

მოგვიანებით, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კომერციული ბანკები სწორად მოიქცნენ, როცა თქვეს, რომ ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების.

"იმის გამო, რომ არასწორი ინტერპრეტაციები გაჩნდა, აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ისინი ერთგულნი არიან საერთაშორისო სანქციების. შეგახსენებთ, რომ როდესაც მეც მქონდა ბრიფინგი და პირველი კომუნიკაცია, იმით დავიწყე, რომ ვიყავით და ვრჩებით საერთაშორისო სანქციების ერთგული, ჩვენ ასევე ვიცით და პატივს ვცემთ იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რაც თითოეულ ბანკს გააჩნია თავის საერთაშორისო პარტნიორებთან. - თქვა მან.

კომენტარები