არჩევნები 2024

წილოსანი: ოპოზიციის გამარჯვების გარანტიად შარვალჩახდილი ზურაბ ჯაფარიძე წარმოგვიდგება

ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი დროასა და გირჩი-მეტი თავისუფლების საარჩევნო გაერთიანებას გამოეხმაურა. წილოსანის თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა ამ პოლიტიკოსებს ხმას არ მისცემს.

"ანტირუსულ კამპანიას გვთავაზობს რუსული ფულის კმაყოფაზე მყოფი ელენე ხოშტარია, ოპოზიციის გამარჯვების გარანტიად კი შარვალჩახდილი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარმოგვიდგება. ფაქტობრივად, ეს უკვე მათი გაერთიანების დიაგნოზია. ძალიან ვწუხვარ, რომ სამში ერთი გამოაკლდათ, ვგულისხმობ გიორგი ვაშაძეს და ახლა უკვე, დუეტში აპირებენ, რომ დიდი გამარჯვება მოიპოვონ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ამ ადამიანების ამრჩევი უმრავლესობა არ ჰყავს". - ამბობს წილოსანი.

დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი".

პარტიების განცხადებით, მათ აერთიანებთ:

  • ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.
  • მომავლის მკაფიო ხედვა.
  • მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

"ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის" - აღნიშნავს ორი პარტია.


გასულ წელს დროას და გირჩი-მეტი თავისუფლებას ერთობა კიდევ ერთ პარტიასთან, სტრატეგია აღმაშენებელთან ჰქონდა. თუმცა, 2023 წლის დასაწყისში ხოშტარიამ თქვა, რომ სამეულს საერთო სიაზე ლაპარაკი არ ექნებოდა.

2023 წლის ივლისში სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკური ალიანსი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შექმნა და მას "გამარჯვების პლატფორმა" უწოდა.

კომენტარები