არჩევნები 2024

ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ საიას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) დაარეგისტრირა. ამის შესახებ ბრიფინგზე საიას დამფუძნებელმა, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა.

"საიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივი დარღვევის გამო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მივიღეთ დადასტურება, რომ საჩივარი რეგისტრირებულია. საქმე შეეხება ხმის ფარულობის დარღვევას, რომელიც დაფიქსირდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. [...] გამოვიყენეთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმის სამართლებრივი დავის, შევიტანეთ არაერთი საჩივარი 73 ოლქის წინააღმდეგ და ისინი შეეხებოდა ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის ფარულობის დარღვევის გამო, შედეგების ბათილობის საკითხს. ეს საქმე ეროვნულ დონეზე არ დაკმაყოფილდა და წარმოგვეშვა უფლება, რომ ამ საკითხზე მიგვემართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოზე და მოგვეთხოვა, ეს საკითხი განეხილა.

ამ საჩივარში ვდავობთ პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის დარღვევაზე, რომელიც საარჩევნო საკითხებს არეგულირებს, თავისუფალი არჩევნების უფლებას ადგენს ეს მუხლი და მის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვამახვილებთ ყურადღებას:

  • 1. ხმის ფარულობის დარღვევის პრობლემა;
  • 2. დავების გადაწყვეტის უსამართლო პროცესს;
  • 3. მოსამართლეს არ აქვს უფლება, საკუთარი დარღვეული საარჩევნო უფლების შესახებ დამოუკიდებლად იდავოს". - თქვა ქურდოვანიძემ.

საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სამმა დამოუკიდებელმა სადამკვირვებლო მისიამ - სამართლიანი არჩევნები, ჩემი ხმა და საია - ანგარიში 20 ნოემბერს გამოაქვეყნა, სადაც მოცემულია "ამ ორგანიზაციების მიგნებების დეტალური ანალიზი, რაც აჩვენებს იმ მანიპულაციებს, რითაც არჩევნები მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა".

კომენტარები