არჩევნები 2024

ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას განცხადებით, მის მიერ განხილულ საარჩევნო დავაში გამოიკვეთა გარემოებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხუჭუა არის მოსამართლე, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა დაადგინა, მან მიიღო გადაწყვეტილება  წალკისა და თეთრიწყაროს ელექტრონულ უბნებზე ბიულეტენების ბათილად ცნობისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ. ვლადიმერ ხუჭუას განცხადებას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"საზოგადოებრივი ინტერესისა და საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით ვადასტურებ, რომ წარსულში ჩემ მიერ განხილული საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულების ნიშნებს და საჭიროებენ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

არსებული ინფორმაცია, დადგენილი წესით, დეტალურად ვაცნობე საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო სისხლის სამართლის გამოძიება. თუმცა, დღემდე არ არის ცნობილი გამოძიების დაწყების ან სხვა სამართლებრივი პროცედურების თაობაზე. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა შესაძლოა, წარმოშვას საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს და საკითხის პოლიტიზაციას, რაც პირდაპირ აზიანებს სამართლის უზენაესობის პრინციპს და საზოგადოებრივ ნდობას. ყველასთვის ცნობილი და გასაგები უნდა იყოს, რომ საარჩევნო პროცესი წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს, ხოლო სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს მისი სამართლებრივი სიწმინდე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემ მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება ეფუძნება მხოლოდ კანონს და სამართალს. ამასთან, ვემსახურები იმას, რომ ყველა პროცესში მაქსიმალურად დაცული იყოს სასამართლოს მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და ავტორიტეტი" - INP-ის ცნობით, ნათქვამია ხუჭუას განცხადებაში. 

2024 წლის 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ცესკოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხუჭუას გადაწყვეტილება გააუქმა

ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ საიას სარჩელი 4 ნოემბერს დააკმაყოფილა და ორ საარჩევნო ოლქში ხელახალი არჩევნების ჩატარება განსაზღვრა. შემდეგ კი გადაწყვეტილება ცესკომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები