სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერის ხუნტამ საფრანგეთის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა

საფრანგეთის საელჩოსთან გამართული პროტესტის მონაწილეებმა საინფორმაციო დაფა ჩამოხსნეს და ზედ ფეხებით შედგნენ, 2023 წლის 30 ივლისი.
AFP

ნიგერის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუნტამ საფრანგეთის ელჩის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და ფრანგ დიპლომატს, სილვან იტს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ელჩის გაძევების გადაწყვეტილების მიზეზი ნაწილობრივ ნიგერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შეხვედრაზე მისი მიწვევის უპასუხოდ დატოვება იყო. გარდა ამისა, საფრანგეთის მთავრობის სხვა ქმედებებიც ნიგერის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

საფრანგეთმა ნიგერის ხუნტას არაერთხელ მოუწოდა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენისკენ. ოფიციალური პარიზი ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

18 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა ნიგერში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ განას დედაქალაქ აკრაში მეორე და დასკვნით მოლაპარაკებები გამართეს.

19 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომელმაც თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.

25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგერის ხუნტამ მეზობელ სახელმწიფოებთან, მალისთან და ბურკინა ფასოსთან სამხედრო ალიანსი შექმნა.

კომენტარები