სამხედრო გადატრიალება ნიგერში

ნიგერის ხუნტამ შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა

ნიგერის არმიის სპიკერი, პოლკოვნიკი ამადუ ადრამანე სატელევიზიო მიმართვის დროს, 2023 წლის 26 ივლისი.

25 აგვისტოს ქვეყანაში უცხოური ძალების შემოჭრის მაღალი რისკის გამო, ნიგერის სამხედრო ხუნტის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა.

შესაბამისი დოკუმენტი 26 აგვისტოს ონლაინ სივრცეში ფართოდ გავრცელდა, ხუნტის თავდაცვის მაღალჩინოსანმა კი მისი ავთენტურობა დაადასტურა.

ბრძანებაში წერია, რომ მაქსიმალური მზადყოფნა მიზნად ისახავს თავდასხმის შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებას და "საერთო გაკვირვების თავიდან აცილებას".

"ეროვნულ ტერიტორიაზე აგრესიის საფრთხე მზარდად იგრძნობა". - ვკითხულობთ დოკუმენტში.

26 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ბლოკმა, ECOWAS-მა დიპლომატიური გზით საკითხის გადაჭრის შეუძლებლობის შემთხვევაში ნიგერში სამხედროების შეყვანის შესაძლებლობა განიხილა.

თუმცა, 25 აგვისტოს ECOWAS-ის ლიდერებმა თქვეს, რომ ნიგერში შეჭრას ჯერ არ გეგმავენ და დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელებას აპირებენ.


ნიგერის სამხედროებმა გადატრიალება 26 ივლისს გამოაცხადეს. 28 ივლისს კი ნიგერის საპრეზიდენტო გვარდიის მეთაურმა, გენერალმა აბდურაჰმან ტჩიანიმ თავი "სამშობლოს დაცვის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტად" გამოაცხადა.

ტჩიანიმ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც გადატრიალებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ სამხედროებმა ძალაუფლება ხელში უსაფრთხოებისთვის მიზნებით ჩაიგდეს.

ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი, მუჰამედ ბაზუმი 26 ივლისის დილის შემდეგ აჯანყებულებს ჰყავთ დაკავებული. მას ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მაკრონის თქმით, აჯანყება "სრულიად არალეგიტიმური" და "ძალიან საშიშია" მთელი რეგიონისთვის.

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკური საზოგადოებამ (ECOWAS) 30 ივლისს ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მუჰამედ ბაზუმის აღდგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლო სამხედრო ჩარევით დაიმუქრა.

10 აგვისტოს რეგიონული ჯგუფის სარეზერვო ძალების გააქტიურების ბრძანება გასცეს და პრეზიდენტის აღდგენა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 11 აგვისტოს ECOWAS-ს მხარდაჭერა აფრიკის კავშირმაც გამოუცხადა.

18 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა ნიგერში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის შესახებ განას დედაქალაქ აკრაში მეორე და დასკვნით მოლაპარაკებები გამართეს.

19 აგვისტოს დასავლეთ აფრიკის რეგიონული ბლოკის დელეგაციასა და ნიგერის სამხედრო ხუნტას შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რომელმაც თითქმის არანაირი შედეგი არ გამოიღო.

25 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგერის ხუნტამ მეზობელ სახელმწიფოებთან, მალისთან და ბურკინა ფასოსთან სამხედრო ალიანსი შექმნა.

კომენტარები