ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC ომბუდსმენს: წელს დამატებითი გამოცდის დანიშვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია

ipress

"2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია" - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეხმაურება. სახალხო დამცველის აპარატმა NAEC-ს მოუწოდა, დაუყოვნებლივ ჩაატაროს დამატებითი გამოცდა იმ აბიტურიენტისთვის, რომლისთვისაც ისტორიის გამოცდის ჩატარება ცენტრს სასამართლომ დაავალა.

"პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უმთავრეს პრინციპს თითოეული გამოსაცდელისათვის განათლების მიღებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თანაბარი და ჯანსაღი საგამოცდო გარემოს შექმნა წარმოადგენს. ცენტრი წლებია, ათიათასობით გამოსაცდელს ემსახურება და სისტემაში დანერგილი საგამოცდო მოდელი სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც მსურველებს განათლების სხვადასხვა საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ადასტურებს იმას, რომ საგამოცდო პროცესი ყოველთვის გამოსაცდელების უფლებებისა და ინტერესების დაცვით, სამართლიანად და ობიექტურად იმართება. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით. 

2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით  მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა. 

დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს.

აქვე გაცნობებთ, რომ ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მომართა ცენტრს და აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, დაშვებულ იქნა დამატებით გამოცდაზე. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ასახული გამონაკლისების გარდა, კერძოდ – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და დაუძლეველი ძალა – სხვა მიზეზებით გამოუცხადებელი პირების დამატებით გამოცდაზე დაშვება არათანაბარ პირობებში ჩააყენებდა აბიტურიენტებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე" - ნათქვამია განცხადებაში.

აბიტურიენტმა, რომელსაც, სასამართლოს განჩინების მიეუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დამატებითი გამოცდის დამატებითი სესიის ჩატარებაზე უარი უთხრა, ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უჩივლა.

PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. PHR-ის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

კომენტარები