თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლომ NAEC-ს აბიტურიენტისთვის გამოცდის დამატებითი სესია დაავალა – ცენტრი უარს ამბობს

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)  განცხადებით,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

"28 ივლისს, მივმართეთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყონებლივ აღსრულების მიზნით. 2 აგვისტოს გამოცდების ეროვნული ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა. თუმცა 25 ივლისს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა გეგმიური დამატებითი გამოცდა, ხოლო სასამართლო განჩინებით დავალების შემთხვევაში გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდა უნდა ჩაატაროს მიუხედავად მათ მიერ განსაზღვრული გრაფიკისა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას. მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა".- აღნიშულია განცხადებაში. 

PHR-ის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ფეისბუკ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის უარი სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებაზე სისხლის სამართლის დანაშაული და კანონის უზენაესობაზე დარტყმაა. 

28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო როხვაძემ მიიღო. 

სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.

კომენტარები