naec

ომბუდსმენი NAEC-ს: დაუყოვნებლივ დანიშნეთ ისტორიის გამოცდა და დაუშვით აბიტურიენტი

NAEC

სახალხო დამცველის აპარატი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (NAEC) რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ ჩაატარონ დამატებითი გამოცდა იმ აბიტურიენტისთვის, რომლისთვისაც ისტორიის გამოცდის ჩატარება ცენტრს სასამართლომ დაავალა.

"უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დანიშნოთ ისტორიის დამატებითი გამოცდა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოახდინოთ აბიტურიენტის დროული ინფორმირება და უზრუნველყოთ მისი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვება". – ნათქვამია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.

უწყების ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას ცენტრმა დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“ პრინციპი და განმცხადებელს გონივრულ ვადაში არ მიაწოდა ინფორმაცია ისტორიის დამატებითი გამოცდის თარიღის შესახებ.

"სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჯერ კიდევ აქვს დრო უზრუნველყოს აბიტურიენტის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისს გამოცემული დროებითი განჩინება. აღნიშნული ქმედების დამაბრკოლებელი ობიექტური ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს". – ნათქვამია ომბუდსმენის რეკომენდაციაში.

აბიტურიენტმა, რომელსაც, სასამართლოს განჩინების მიეუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) დამატებითი გამოცდის დამატებითი სესიის ჩატარებაზე უარი უთხრა, ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც უჩივლა.

PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. PHR-ის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

კომენტარები