შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC) სასამართლო განჩინების მიუხედავად აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებაზე უართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა. 

"2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით  გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო:

ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;

გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო  პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.  

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას".- აღნიშნულია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)  დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

"შეგახსენებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამასთან, დროებითი განჩინება, თავისი ბუნებით გულისხმობს მის დაუყონებლივ აღსრულებას. მივმართავთ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უზრუნველყონ აბიტურიენტის განათლებისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვა და მისცენ აბიტურიენტს საშუალება, დაწეროს ისტორიის დამატებითი გამოცდა".- აღნიშულია განცხადებაში. 

დღეს აბიტურიენტის დედამ შიმშილობაც დაიწყო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, ის იშიმშილებს მანამ, სანამ ცენტრის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს. 


28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო როხვაძემ მიიღო. 

სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო (ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება) ვერ გამოცხადდა.

კომენტარები