ერთიანი ეროვნული გამოცდები

NAEC: სასამართლოს ჩვენთვის აბიტურიენტისთვის ახალი გამოცდის დანიშვნა არ დაუვალებია

naec.ge

გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მტკიცებით, მისთვის სასამართლოს ისტორიის ახალი გამოცდის დანიშვნის ბრძანება არ მიუცია. ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე ამბობს, რომ სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების აღსრულება, დაეშვათ აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე, თავისთავად შეუძლებელი იყო, რადგან განჩინება ისტორიის დამატებითი გამოცდის ჩატარების შემდეგ გაიცა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე კბილის მწვავე ტკივილის გამო ვერ გამოცხადდა - მას ოპერაცია ჩაუტარდა, რამაც გართულება გამოიწვია. 

სოფო გორგოძის თქმით, სასამართლოს განჩინება ახალი სესიის ორგანიზება-დანიშვნას არ ითხოვდა, ხოლო "დამატებითი გამოცდა" უკვე ჩატარებული იყო.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლის აღსრულება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. ჩვენ ყველა სხვა შემთხვევაში ვასრულებთ ამ განჩინებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო არააღსრულებადი, ვინაიდან 28 ივლისს დაგვევალა 25 ივლისს ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე დაშვება. ჩვენ გავაპროტესტეთ ეს განჩინება, ჯერჯერობით სხვა ახალი ინფორმაცია არ გვაქვს.

სასამართლომ არ გვითხრა, რომ უნდა ჩაგვეტარებინა და დაგვეორგანიზებინა ახალი გამოცდა, მან გვითხრა, რომ დაუშვით ისტორიის დამატებით გამოცდაზე, ისტორიის დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარებული იყო". - უთხრა გორგოძემ ფორმულას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა, აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. აბიტურიენტის უფლებადამცველი ორგანიზაციის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარებული გეგმიური დამატებითი გამოცდის მიუხედავად, სასამართლო განჩინების შესაბამისად, ცენტრს კიდევ უნდა ჩაეტარებინა დამატებითი სესია. 

კომენტარები