გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიაზე განცხადებას ავრცელებს - მათი განმარტებით, ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით, მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, მათივე ცნობით, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა.
სააგენტოს განცხადებით, შოვში ასეთ მოვლენა არ მომხდარა - განსხვავებით სოფელ გლოლას მიმდებარე ადგილისგან, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია.
"გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ყოველწლიურად მზადდება საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენი, სადაც აღწერილია ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შესახებ არსებული მდგომარეობა საანგარიშო წელს და პროგნოზი შემდგომი წლისათვის. 2022 წლის ბიულეტენში საუბარია მდ. დღვიორაზე, რომელიც არის მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკადი, სადაც ხშირია ღვარცოფული ნაკადების გავლა.
ეს ლოკაცია 1,5 კილომეტრით ქვემოთ მდებარეობს სტიქიის ზონიდან მდინარის დინების მიმართულებით. მდ. ბრდღვიორას ხეობა სულ სხვა მორფოლოგიურ და გეოლოგიურ პირობებშია ჩამოყალიბებული.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთ მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე ღვარცოფის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდ. ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი)". - წერია განცხადებაში.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, მათი სპეციალისტები სტიქიური გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების ადგილზე შეისწავლის მიზნით ადგილზე რჩებიან. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა ტერიტორია რამდენჯერმე დაათვალიერეს და ინსტრუმენტული მონიტორინგი ჩაატარეს.
"მდ. ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაცშემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.
აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი". - წერია განცხადებაში.
ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-მდე პირს კი ეძებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.
- მოქალაქე: შოვში ცოლი და 3 შვილი მყავს ჩარჩენილი, აღარ გამოდიან კონტაქტზე, რამე ქენით
- მოქალაქე: შვილთან და სამ შვილიშვილთან კონტაქტი არ მაქვს, არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა
სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.





