მეწყერი შოვში

მოქალაქე: შოვში ცოლი და 3 შვილი მყავს ჩარჩენილი, აღარ გამოდიან კონტაქტზე, რამე ქენით

მოქალაქის თქმით, შოვში, კოტეჯების ტერიტორიაზე მისი ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა, მიწის მასის ჩამოშლის შემდეგ კი, მათ ვეღარ უკავშირდება. 

"მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს მანდ ჩარჩენილი, არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან, როგორც მე ვიცი, ორი ვერტმფრენი ჰყავთ, რომელმაც ღამეც შეიძლება იფრინოს და მიანათოს შუქი, ანუ არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი? დაიღუპნონ მანდ? ხალხო, რამე ქენით, ძალიან გთხოვთ, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც, რომ ვიპოვოთ. დღისით ვეკონტაქტე ბოლოს, პირველ საათზე თუ თორმეტ საათზე, მერე აღარ გამოდის არავინ კონტაქტზე, ვინც მანდ იყო, არ ვიცი.. შოვში იყვნენ, კოტეჯებში" - უთხრა მოქალაქემ მთავარ არხს.

შონაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება". მათი ცნობით, ამ დროისთვის "სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები".

ბოლო მონაცემებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს. ამასთან, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები