სტიქია რაჭაში

მოქალაქე: შვილთან და სამ შვილიშვილთან კონტაქტი არ მაქვს, არ ვიცი, ცოცხლები არიან თუ არა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

მოქალაქე ამბობს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში მისი შვილი და 3 შვილიშვილია ჩარჩენილი - ქალს მათთან კონტაქტი არ აქვს. 

"არაფერი კონტაქტი არ არის. შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები, არ ვიცით არაფერი. ორი კვირით წავიდნენ დასასვენებლად. ველოდებით ვერტმფრენს, ორი ჩამოფრინდა, არაფერი არ არის". - ამბობს ის მთავარ არხთან ინტერვიუში. 

სტიქიის ზონიდან დამატებით 80-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. გამთენიისას ადგილზე მუშაობა განაახლა სამაშველო ვერტმფრენმა. გუშინ, 3 აგვისტოს, ადგილიდან 70-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ 152 ადამიანი მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა. მათი ევაკუაცია დღეს, 4 აგვისტოს დაიწყო. 

ბოლოს განახლებული მონაცემებით, დაკავშირება ვერ ხერხდება 44 ადამიანთან - ინფორმაცია ვრცელდებოდა 50 პირზე, თუმცა გვიან ღამით მინისტრმა თქვა, რომ 6 მოქალაქესთან კონტაქტზე გავიდნენ. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ადგილზე იპპვეს 2 ადამიანის ცხედარი. 

კომენტარები