სტიქია რაჭაში

ენმ-მ შოვის თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადადო

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადადო. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ჩვენი მიზანი პროცედურული ომი არ არის. ჩვენი მიზანი არის სიმართლის დადგენა. მათ შორის, სიმართლის დადგენის მიზნით, საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება. ამავდროულად, გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქცია დამატებით დროს ითხოვს [...] დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას და საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ გადავდოთ. ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა [...] ამ მომენტში უდავოდ, რეალურად გამოჩნდება, თუ რა სურს გიორგი გახარიას - დანაშაულის გამოძიება, თუ ქართულ ოცნებასთან ერთად დანაშაულის დაფარვა". - თქვა ბოკუჩავამ.

გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ სიმართლის დასადგენად შოვის ტრაგედიას პოლიტიკური კონტექსტი უნდა მოშორდეს.

"სიმართლე უნდა დადგინდეს და ჩვენ რეალობაში სიმართლის დადგენის ერთადერთი გზა არის ის, რომ პოლიტიკური კონტექსტი მოშორდეს ყველაფერს, რაც შოვის უმძიმეს ტრაგედიასთან არის დაკავშირებული, მათ შორის, საგამოძიებო კომისიასაც [...] ნაციონალური მოძრაობის მიერ ამ საკითხის თვის ბოლომდე გადატანა იმაზე მიუთითებს, რომ მათ დაინახეს, რომ ამ კვირაში ამ კომისიის შექმნის ინიცირებით, საგამოძიებო კომისიას, როგორც ინსტრუმენტს დაკარგავდნენ". - თქვა გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ  რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა 9 აგვისტოს მოითხოვა


რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ეძებენ კიდევ 2 არასრულწლოვანს.

კომენტარები