პრიგოჟინის ამბოხება

Meduza: პრიგოჟინს პუტინთან დაკავშირება უნდოდა, პუტინი მასთან საუბარზე უარს ამბობდა

ევგენი პრიგოჟინი დონის როსტოვის დატოვების დროს, 24 ივნისი, 2023 წელი.

რუსული დამოუკიდებელი მედია Meduza წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუ რა სახის მოლაპარაკებები შედგა გასული დღის რუსეთის არეულობების დროს.

Meduza-ს წყარო, რომელიც კრემლთან დაახლოებული პირია, ამბობს, რომ ხელისუფლება 23 ივნისის საღამოდან პრიგოჟინთან რაღაც სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"მასთან კონტაქტს ცდილობდა სამხედრო მეთაურობა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, როსგვარდიის ხელმძღვანელობა და მასთან დაკავშირებული ჩინოვნიკები. თუმცა თავად მისი ქმედებები ისეთი იყო, რომ არც თუ ისე გასაგები იყო, რაზე უნდა მოელაპარაკათ.

მოთხოვნებიც გაუგებარი და უცნაური იყო: შოიგუს მოშორება, ვაგნერის საქმეებში ჩაურევლობა, მეტი დაფინანსება. მაგრამ ასეთი მოქმედებების შემდეგ, [პრიგოჟინის] ადგილო აღარ რჩებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ის [რაღაცას] დაკარგავდა, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ სიცოცხლისა და რაღაც სახით ბიზნესის შენარჩუნების გარანტიებს მიიღებდა. დაკარგვა მას არ სურდა". – თქვა Meduza-ს წყარომ.

როგორც Meduza წერს, თავდაპირველად კრემლს პრობლემის "მეტ-ნაკლებად მშვიდობიანი გზით გადაჭრა" სურდა, მაგრამ მოქირავნეთა ლიდერთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ დაიწყო პრიგოჟინის მოღალატედ გამოცხადების კამპანია.

როგორც რუსული მედიის წყარო, რომელიც დაახლოებულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ირწმუნება, რომ 24 ივნისის შუა დღისთვის პრიგოჟინი თავად ცდილობდა კრემლთან კავშირზე გასვლას და, ამავე წყაროს თქმით, ის "ცდილობდა პუტინისთვის დარეკვას, მაგრამ პრეზიდენტს მასთან საუბარი არ სურდა".

კრემლთან დაახლოებული წყაროები Meduza-სთან ამბობენ, რომ, დიდი ალბათობით, პრიგოჟინი მიხვდა, რომ "ზომას გადააჭარბა", ხოლო "მისი კოლონების მოძრაობის პერსპექტივა ბურუსით მოცული იყო".

როგორც მედია წერს, ამ მომენტისთვის ვაგნერელები უკვე მდინარე ოკას უახლოვდებოდნენ, აქ კი როსგვარდიისა და არმიის პირველი თავდაცვის ხაზი იყო. ამასთან ერთად, პრიგოჟინის განცხადების მიუხედავად, რომ ნახევარი არმია მზად იყო მისი მხარდაჭერისთვის, დამატებითი მხარდაჭერა აჯანყების პირველ საათებში ვაგნერმა ვერ მიიღო.

Meduza-ს წყაროები ამბობენ, რომ პრიგოჟინის შეცვლილი განწყობის გამო, კრემლმა გადაწყვიტა "სისხლიან შეტაკებამდე" არ მისულიყვნენ". მათივე მტკიცებით, ფინალურ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა ჩინოვნიკების დიდი ჯგუფი, რომელთა შორისაც იყო პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ანტონ ვაინო, უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე - ნიკოლაი პატრუშევი და რუსეთის ელჩი ბელარუსში - ბორის გრიზლოვი. ამ ჯგუფს უძღვებოდა ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო. წყაროს თქმით, პრიგოჟინი ითხოვდა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიეღოთ "პირველ პირებს". თუმცა, რადგან პუტინს ვაგნერის დამფუძნებელთან საუბარი არ სურდა, პრიგოჟინს მცირე ვარიანტი რჩებოდა.

"პრიგოჟინს სჭირდებოდა ღირსეული რწმუნებული, რათა თამაშიდან [სახის შენარჩუნებით] გასულიყო. ასეთი ლუკაშენკო გამოჩნდა. მას პიარი უყვარს და ხედავს სარგებელს, ამიტომ ის დათანხმდა". – თქვა Meduza-ს წყარომ.

წყაროს აზრით, ლუკაშენკოსთვის სარგებელი ცხადი იყო: საჯაროდ სწორედ ის გახდა ადამიანი, რომელმაც "რუსეთი მაქსიმუმ სამოქალაქო ომს, მინიმუმ დიდ სისხლისღვრას გადაარჩინა".

Meduza-ს წყაროებს მიაჩნიათ, რომ პრიგოჟინი საკუთარი რადიკალური ნაბიჯების შედეგად დამარცხდა: "ის რუსეთიდან გაძევებულია. პრეზიდენტი ასეთ რაღაცებს არ პატიობს". მათი თქმით, მხარეები ჯერ კიდევ გააგრძელებენ შეთანხმების იმ დეტალების განხილვას, რომლებიც პრიგოჟინის ახალ მდგომარეობას შეეხება, მაგრამ მას "ძველებური გავლენა და რესურსები აღარ ექნება".

ამას გარდა, კრემლთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა წყარომ არ გამორიცხა, რომ თავდაცვის სამინისტროში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება, "მაგრამ არა პრიგოჟინის მოთხოვნით", არამედ შიდა წმენდვის გამო. 

წყარო, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაახლოებული, ფიქრობს, რომ საკადრო ცვლილებები ახლო მომავალში იქნება, რადგან "პუტინი თითქმის არასდროს არის გარემოებებზე დაყოლიებადი და ზეწოლის ქვეშ არ იხრება".

ამავრდოულად, კრემლთან დაახლოებული წყაროები აღიარებენ, რომ აჯანყებამ პუტინის პოზიცია შეასუსტა. ამავრდოულად, კრემლთან დაახლოებული წყაროები აღიარებენ, რომ აჯანყებამ პუტინის პოზიცია შეასუსტა. "ის პრიგოჟინთან დათმობაზე ვერ წავიდოდა, მაგრამ ის [24 ივნისს] არსად არ იყო". 24 ივნისს, კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვი არ დაუტოვებია, თუმცა გამოცემა Важные истории-ი Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ მოსკოვიდან ამ დღეს აფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც არმიის მართვის სისტემა იყო განთავსებული. თვითმფრინავი რადარებზე ტვერის რაიონში გაქრა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდავაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – რაზე საუბრობდა პრიგოჟინი არეულობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში, სადაც, პრიგოჟინის მტკიცებით, აქამდე იმყოფებოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ. ვაგნერის ლიდერი ამბობდა, რომ შოიგუ აქ სპეციალურად ჩამოვიდა, რათა მისი ძალების განადგურება დაეგეგმა, თუმცა, საპასუხო მოქმედებების დაწყების შემდეგ, გაიქცა. თავად პრიგოჟინი ამბობდა, რომ ეს არა სამხედრო გადატრიალება, არამედ "სამართლიანობის მარში" იყო.

ქალაქ როსტოვში ვაგნერელებმა ალყაში მოაქციეს და დაიკავეს ადმინისტრაციული და სამხედრო ობიექტები. იგივე მოხდა ქალაქ ვორონეჟშიც. პრიგოჟინის მოსკოვისკენ წინსვლას აანონსებდა. რუსეთის დედაქალაქში ამოქმედდა ანტიტერორისტული რეჟიმი.

მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გააკეთა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. ის ამბობდა, რომ ეს მოქმედებები არის ღალატი და გადატრიალების მცდელობა და მის ლიდერებს გარდაუვალ სასჯელს ჰპირდებოდა. საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნის გამო დანებებას არ აპირებდნენ, რადგან "ბიუროკრატიაში, ტყუილსა და კორუფციაში ცხოვრება" აღარ სურდათ.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობა დაიწყო ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ. საბოლოოდ მხარეებმა დეესკალაციის შეთანხმებას მიაღწიეს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "გეგმის შესაბამისად", საკუთარ ძალებს უკან, საველე ბანაკებში დააბრუნებდა. შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდებოდა, თავად ოლიგარქი კი ბელარუსში გადავიდოდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ვაგნერელებმა ჩამოაგდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვსი ვერტმფრენი, აქედან ერთი ძვირადღირებული რადიოელექტრონული ბრძოლის ვერტმფრენი და ერთი რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი.

მაისში ბახმუტის აღების შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა საკუთარი ძალები ზურგში, საველე ბანაკებში გადაიყვანა და თქვა, რომ მაშინ დაბრუნდებოდნენ, როცა "სამშობლოს დასჭირდებოდნენ". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაძაბული ვითარებაა. პრიგოჟინი ხშირად ლანძღავდა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს. ის ირწმუნებოდა, რომ თავდაცვის უწყებას ვაგნერის განადგურება სურდა და ეს ჯერ კიდევ 2018 წელს, სირიაშიც კი სცადეს, როცა კერძო სამხედრო კომპანია ამერიკულ ძალებს დაუპირისპირდა და ბევრი მებრძოლი დაკარგა.

"დაიწყეს გამოჩენა ადამიანებმა, რომლებიც თითქოს ჩრდილში ისხდნენ - ისინი არ ჩანდნენ, არ ისმოდა მათი ხმა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისინი ძალიან ეფექტიანები და ძალიან საჭიროები არიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლეს პირველები ტოვებენ, რადგან თავს არ ინდობენ - აი უბედურება რაშია" – პუტინი

არეულობის დაწყებამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სურდა, რომ ყველა "მოხალისეობრივ დანაყოფთან" კონტრაქტი გაეფორმებინათ. ამის აუცილებლობაზე საუბრობდა პუტინიც, თუმცა ვაგნერის დამფუძნებელი უარზე რჩებოდა და აცხადებდა, რომ თავდაცვის უწყებასთან არანაირ კონტრაქტს გააფორმებდა.

კომენტარები