პირდაპირი ფრენები რუსეთთან

გირკინი: საქართველოსთან ფრენები შეიძლება მხოლოდ ლავროვის შვილიშვილის ჩასაფრენად გახსნეს

იგორ გირკინი

რუსი ულტრანაციონალისტი იგორ გირკინი ფიქრობს, რომ, "რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს", რუსეთს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა იმიტომ განეახლებინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის "შვილიშვილი" ქორწილზე დასასწრებად ჩაფრენილიყო. 

გირკინის თქმით, რუსეთში მაღალი კლასი ყველაფერს მსგავსი პრინციპებით აკეთებს და სახელმწიფო გადაწყვეტილებებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

"ამ საკითხზე კომენტარი უკვე გავაკეთე, რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს, არ გამოვრიცხავ რომ ის (საქართველოსთან ფრენები) მხოლოდ იმიტომ გახსნეს, რომ ლავროვის შვილიშვილს თავის ებრაელ მეგობრებთან ქორწილზე ჩაფრენა შესძლებოდა... სწორედ ის იყო პირველ თვითმფრინავში. მართალია, ქორწილში მოხვედრა ვერ შეძლო. ამას, პირდაპირი მნიშვნელობით, საერთოდ არ გამოვრიცხავ. რადგან, სამწუხაროდ, ჩვენს მმართველ VIP ფენაში ყველაფერ ასე კეთდება, ჩნდება კერძო, პირადი ინტერესები და მათი მეშვეობით ისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკა". – თქვა გირკინმა.

აღსანიშნავია, რომ გირკინმა ახსენა ლავროვის შვილიშვილი და არა ქალიშვილი, რომლის საქართველოში ჩამოსვლაზე ცნობები გასულ დღეებში გავრცელდა.

პრიგოჟინი აკრიტიკებს ლავროვს საქართველოში მისი ოჯახის მიერ ქორწილის გადახდის ცნობის გამო

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას ყვარელში აპირებდა. მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს. პოლიციამ დააკავა რამდენიმე დემონსტრანტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია.


ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოში დაფრინავს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.

რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება "რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველს" არგებდა. რეისების განახლებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლელი პარტნიორებისგანაც. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიები სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

პირდაპირი ფრენების განახლებასთან საქართველოში მოქალაქეების პროტესტს ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ აყენებდა ფრენების განახლებისა და უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს. პუტინის თქმით, ეგონა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას, საქართველოში მადლობით შეხვდებოდნენ და აღნიშნა, რომ რეაქციით გაკვირვებულია.

"სულ გაგიჟდნენ თუ რა ხდება? რა ხდება მათთან, გაუგებარია". – თქვა პუტინმა საქართველოს მოქალაქეებზე.

კომენტარები