ლავროვის ოჯახი ყვარელში

პრიგოჟინი აკრიტიკებს ლავროვს საქართველოში მისი ოჯახის მიერ ქორწილის გადახდის ცნობის გამო

ევგენი პრიგოჟინი

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა ერთსაათიან ინტერვიუში გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომ რუსეთი, ომის პერიოდში, ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა და მან გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილს იხდიდნენ.

პრიგოჟინის თქმით, ბახმუტის ოპერაციის დრო რუსეთის ფედერაციამ საკუთარ სასიკეთოდ ვერ გამოიყენა, რადგან ამ დროს არ მოხდა ახალი მობილიზაციის გამოცხადება და სამხედრო წარმოების დაწყება.

"ბახმუტის ხორცსაკეპი ცუდად გამოვიყენეთ. მობილიზაციის ახალი ტალღა უნდა გამოგვეცხადებინა, ყველა, ვინც შესაძლებელი იქნებოდა, უნდა გადაგვეყვანა საბრძოლო მასალის წარმოებაზე, უნდა შევწყვიტოთ შუშის სასახლეების, ცათამბჯენების შენება, გაზპრომი როგორსაც აშენებს, ყურებისას მრცხვენია, უნდა შევწყვიტოთ გაძღომა, ახალი გზების და ინფრასტრუქტურული ობიექტების შენება და უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ ომზე. გავიმარჯვებთ - შემდეგ ნებისმიერი რამის აშენება იქნება შესაძლებელი. აქამდე უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ ომზე. დავასტაბილუროთ ფრონტი და ამის შემდეგ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებებზე უკრაინაში, ან იქნებ კიდევ სადმე სხვაგან, ეს უკვე ფილოსოფიური საკითხია". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინი თვლის, რომ რუსეთი მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ მომდევნო რამდენიმე წელი ჩრდილოეთ კორეასავით იცხოვრებს. მან გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრი, სერგეი ლავროვი იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ მისი ოჯახის წევრები საქართველოში ქორწილს იხდიდნენ. თუმცა პრიგოჟინი არ გამორიცხავს, რომ ეს შესაძლოა სიცრუე იყო.

"ამიტომ, რუსეთს მომავალში სჭირდება, რომ, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კორეის სახით იცხოვროს რამდენიმე წელი. ჩაკეტოს ყველა საზღვარი, შეწყვიტოს პრანჭვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სერგეი ვიქტოროვიჩ ლავროვმა არანაირი ქორწილები უნდა გადაიხადოს საქართველოში, არ ვიცი, იქნებ ეს ყველაფერი ფეიკია. ყველამ თავისი შვილი უნდა დააბრუნოს და ვირივით ამუშაოს. შემდეგ რაღაც შედეგამდე მივალთ". – აღნიშნა პრიგოჟინმა.

19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას ყვარელში აპირებდა. მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს. პოლიციამ დააკავა რამდენიმე დემონსტრანტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია.

კომენტარები