პირდაპირი ფრენები რუსეთთან

Georgian Airways: სანქციები ჯერ თურქეთს, ისრაელს და სხვებს უნდა დაედოთ, შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე

Georgian Aiways

Georgian Airways-ი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ავიაკომპანიის შესაძლო დასანქცირებაზეა საუბარი - განცხადების მიხედვით, სანქციები ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და "მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე".  

Georgian Airways-ის განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპაში ტრანზიტულ რეისებზე - ავიაკომპანია მოქალაქეებსა და მედიას მოუწოდებს, უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებენ, რადგან "საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს". 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს, საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით.

​პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომხიბვლელობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ჰაბისთვის აუცილებელ სტანდარტებს. წლები გადის და დღემდე ვერ მოხერხდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებულიყო თუნდაც სატრანზიტო დარბაზი. შესაბამისად, საერთაშორისო ჰაბის თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.

​რაც შეეხება უშუალოდ სატრანზიტო ფრენების საკითხს. დღეს მსოფლიო საავიაციო სფერო ციფრულ და ონლაინ რეჟიმზე არის გადასული. მგზავრებს უფლება და შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან შეიძინონ ბილეთები და გაფრინდენენ სასურველი მიმართულებით. ეს უბრალო ფაქტია, რომელიც არავისთვის დამალული არ არის, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება მედიასივრცეში დღეს აქტიურად განხილული სატრანზიტო ფრენების საკითხი? არაფერს, გარდა იმისა, რომ იხმაურონ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მოქალაქეების გარდა უამრავი სხვა ქვეყნის მოქალაქეც ცხოვრობს ან აწარმოებს საქმიანობას, მრავალ ადამიანს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ან ბინადრობის უფლება გააჩნია. ცხოვრობენ დიპლომატები. დასავლეთის სახელმწიფოებს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირეოდენ შეზღუდვებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის არ შეუწყვეტიათ ვიზების გაცემა. რუსეთის მიმართულებით და რუსეთიდან, აგრეთვე, გადადგილდებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის მოქალაქეებიც. შესაბამისად, საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი.

​აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.

ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00 პროცენტი თუ იქნება. საქართველოს ცულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე, რომ ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!

რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე.

​ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ, როგორც აქამდე, ვიქნებით საქართველოს ინტერესების დამცველი კომპანია და შევასრულებთ ფრენებს საქართველოსა და საერთაშორისო რეგულაციების სრული დაცვით.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, რუსული ავიაკომპანია აზიმუტის გარდა, თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია Georgian Airways-მაც დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისს დაიწყო და კვირაში 7-ჯერ შესრულდება. 20 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა. 

23 მაისს გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენით და შესაძლოა საქართველოს აეროპორტებში კომპანიებიები სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ. 

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელიც საქართველოს მიმართულებით ფრენებს 17 მაისიდან დაიწყებს, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია სანქცირებული კომპანიებისთვის შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.  

ასევე, საქართველოში ფრენის ლიცენზია მიიღო კომპანია Red Wings-მა, რომელიც, მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. ავიაკომპანია იმავე დღეებში იფრენს მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე" - აცხადებს ავიაციის სააგენტო და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიას აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭეს.

2022 წელს, აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტმა Red Wings-ის ორ თვითმფრინავს სანქციები დაუწესა რუსეთსა და ბელარუსში შესრულებული ფრენების გამო, რაც არღვევს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინაში აგრესიის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვებს. 

კომენტარები