რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი ვაგნერმა მათი დახმარებით აიღო

ევგენი პრიგოჟინის ვაგნერის წევრს ხელს ართმევს
კადრი პრიგოჟინის მიერ 20 მაისს გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც თქვა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად აიღეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო, აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის შეტევითი ქმედებების შედეგად, შეიარაღებული ძალების დანაყოფების დახმარებით.

"არტიომოვსკის (ბახმუტის საბჭოთა სახელი) ტაქტიკური მიმართულებით, ვაგნერის მოიერიშე დანაყოფების შეტევითი მოქმედებებისა და მათთვის სამხრეთის სამხედრო ჯგუფის საარტილერიო და საავიაციო მხარდაჭერის შედეგად, დასრულდა ქალაქი არტიომოვსკის გათავისუფლება". – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება 8 საათით გვიან დაიდო, ვიდრე ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობდა, რომ მისმა ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები ციტირებენ კრემლს და წერენ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაგნერსა და შეირაღებულ ძალებს მიულოცა. 

"ვლადიმირ პუტინი არტიომოვსკის გათავისუფლების ოპერაციის დასრულებას ულოცავს ვაგნერის მოიერიშე დანაყოფებს, ასევე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს, რომლებიც მათ საჭირო მხარდაჭერას უწევდნენ ფლანგების დაცვით". – ციტირებენ რუსული მედიები კრემლს და ამატებენ, რომ ყველა "გამორჩეულს" სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა. 

გასულ დღეებში ევგენი პრიგოჟინმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ფლანგებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არაეფექტიანად მუშაობდნენ და პოზიციებიდან გარბოდნენ. ამას გარდა, რუსი ოლიგარქი მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს, რომლებიც ფაქტობრივად სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა, 20 მაისს კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი ოდესმე პასუხს აგებდნენ.

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ და წავლენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".

გირკინი: ვაგნერი, როგორც დამრტყმელი ძალა, აღარ არსებობს

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მტერი თავდასხმით მოქმედებებს აგრძელებს და ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება. 


5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები, რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები