რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებმა ბახმუტიდან 550 მეტრით უკან დაიხიეს

ევგენი პრიგოჟინი ბახმუტში
კადრი ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და მისი მოადგილის, რუსეთის გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის მიმართ გავრცელებულ აუდიომიმართვაში ამბობს, რომ რუსეთის არმიის ქვედანაყოფებმა ბახმუტიდან 550 მეტრით უკან დაიხიეს.

აუდიომიმართვაში პრიგოჟინი შოიგუსა და გერასიმოვს მოუწოდებს, რომ გააკეთონ ყველაფერი და ფლანგები არ დათმონ.

"სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებმა ბახმუტის ჩრდილოეთით უკან დაიხიეს 550 მეტრამდე, რითაც ჩვენი ფლანგები მოაშიშვლეს. მივმართავ თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს ხელმძღვანელობას საჯაროდ, რადგან ჩემს წერილებს არ კითხულობენ. თქვენთან თხოვნა მაქვს, ვალერი ვასილევიჩ (გერასიმოვი), სერგეი კუჟუგეტოვიჩ (შოიგუ), გთხოვთ, არ დათმოთ ფლანგები, არ დათმოთ დასახლებული პუნქტი საკო და ვანცეტი. კიდევ რამდენიმე დღე გამაგრდით, როგორც შეგიძლიათ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული, რათა ფლანგები არ იშლებოდეს". – თქვა პრიგოჟინმა საკუთარ მიმართვაში. 

საკო და ვანცეტი უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე სოფელია, რომელიც ბახმუტთანაა ახლოს.

ამას გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგიი ჩერევატიმ აღნიშნა, რომ გასულ ღამეს უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით წინ წაიწიეს 150-1 700 მეტრით, გაანადგურეს 130 მოწინააღმდეგე და ტყვედ აიყვანეს 4. მან ასევე აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მტერი ქალაქის სრულად დაკავების მცდელობას აგრძელებს.

5 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს კვლავ მოსთხოვა ჭურვები, დანაკარგების რიცხვების სიდიდეში შოიგუ და მისი მოადგილე დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო, ვაგნერი ქალაქ ბახმუტს 10 მაისს დატოვებდა. ამის შემდეგ რამზან კადიროვმა პრიგოჟინს პოზიციებზე საკუთარი ძალებით ჩანაცვლება შესთავაზა. მომდევნო დღეს რუსმა ოლიგარქმა საკუთარი ძალების კადიროველებით ჩანაცვლებაზე მზაობა გამოთქვა.

კადიროვი პუტინს სწერს, რომ ბახმუტში ვაგნერის ახმატის ძალებით ჩანაცვლების მითითება გასცეს

ბახმუტის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებამდე პრიგოჟინმა გაავრცელა კადრები,რომლებშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანდნენ და მან შოიგუ და მისი მოადგილე, ვალერი გერასიმოვი გალანძღა.

პრიგოჟინის მტკიცებით, მის ძალებს ბახმუტში ასაღები მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დარჩათ, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს "შურიანობაში" ადანაშაულებს. ოლიგარქის მტკიცებით, მის ჯგუფს საბრძოლო მასალის ხელოვნური დეფიციტი მოუწყვეს. 

7 მაისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფს დაჰპირდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იქნებოდა და თავდაცვის სამინისტროსთან შუამავლად გენერალი სერგეი სუროვიკინი დაუნიშნეს. თუმცა, 9 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ ის მოატყუეს და მოთხოვნილი ჭურვების მხოლოდ 10% მიაწოდეს. მან აღნიშნა, რომ ბახმუტში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერდებოდნენ.

12 მაისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ მათი შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაჯგუფების მოქმედებები შეასრულეს, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები პოზიციებიდან გაიქცნენ.

პრიგოჟინი: თუ არ იქნება ჭურვები, პოზიციებს დავტოვებთ და კითხვებს დავსვამთ, ვინაა მოღალატე

კომენტარები