კახა კალაძე

12 ანტიდასავლური განცხადება, რომელიც კალაძემ ბოლო 1 წლის განმავლობაში გააკეთა

"ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე". - უთხრა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს. 

ჟურნალისტებმა კალაძეს მის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა - შეფასებას, რომ პრობლემა არ იქნება, თუ საქართველო სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. 

თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახა კალაძე ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს. ტაბულა გთავაზობთ 12 ასეთი შინაარსის კომენტარს, რომელიც მერს მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქვს გაკეთებული.    

მანამ, სანამ ევროკომისიის გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი, კალაძე, პრემიერთან ერთად, ევროპას "ფარდის ახდით" ემუქრებოდა. დღემდე უცნობია, რას გულისხმობდნენ ქართული ოცნების ლიდერები.

კალაძე EU-ზე: ყველაფერს აეხდება ფარდა და ყველაფერს ვიტყვით, რეალურად რა ხდება

მას შემდეგ, რაც საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, კახა კალაძე, ისევე, როგორც ქართული ოცნების სხვა წევრები, ამტკიცებს, რომ საქართველო "პოლიტიკური გადაწყვეტილებით" არის "დასჯილი".  

კალაძე სტატუსზე: საქართველომ მართლა ყველაფერი გააკეთა, გულდასაწყვეტია ქვეყნის დასჯა 

კალაძე სტატუსზე: ახლა თუ გაიგეს ჩვენი ადგილმდებარეობა, არ ვიცი, რა კომენტარი გავაკეთო 

საქართველომ ევროპული პერსპექტივა და შესასრულებელი რეკომენდაციები მიიღო - გადაწყვეტილების გამოცხადების ვადის მოახლოებასთან ერთად თბილისის მერი სულ უფრო ხშირად ამბობს, რომ ევროკავშირს შეუძლია, სტატუსი "თავისთვის დაიტოვოს".  

კალაძე: თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოგვცემენ  

კალაძე ამტკიცებს, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყნის ომში ჩართვა სურთ, საქართველომ კი ევროპაში უნდა იაროს, თუმცა "არა ცალ ფეხზე, არა მონებად".  

კალაძე: რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში? ყველამ უნდა ვიაროთ და არა ცალ ფეხზე, არა მონებად 

კალაძე: ევროპული ღირებულებები ვიცი, მაგრამ როცა გეუბნებიან, რომ მონა უნდა იყო, მიუღებელია 

კალაძე: ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ

ბოლო წლის განმავლობაში კახა კალაძე დასავლელ პარტნიორებს კრიტიკის საპასუხოდ არაერთხელ დაესხა თავს - მათ შორის არიან გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, ვიოლა ფონ კრამონი და სხვა "ცალკეული ევვროპარლამენტარები". 

კალაძე ბერბოკის განცხადებაზე: იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია 

კალაძე კრამონზე: სურვილი არ აქვს საქართველოს წინსვლის, განვითარებისა და ევროინტეგრაციის 

კალაძე: პოლარიზება, პირველ რიგში, ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს 

კალაძე: ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვს 

კალაძე რეზოლუციაზე: აბსოლუტურად სამარცხვინო და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო 

კომენტარები