ნარკოდანაშაული

ამოღებულია 3კგ-მდე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება – შსს-მ აჭარაში 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს  უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებით, ამოღებულია 3 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. 

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: 3 კილოგრამამდე  მეთადონი, კოკაინი, მეფედრონი, მარიხუანა და პრეგაბალინი.

პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ერთ-ერთი დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკი, ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა  და 260-ე ტერცია მუხლებით  მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები