საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ

ევროპაზე საუბრისას პირადად მე ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ოპონენტების მხრიდან მხვდება ხოლმე სტატუსები, წერენ ხოლმე - აი, კახა კარგია შოპინგი ევროპაში? და ასე შემდეგ, ახლა აღარ შევალ ამ სიღრმეებში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს. ნიშანდობლივია, რომ ამ ადამიანებს, ოპონენტები მყავს მხედველობაში, ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს ევროპა შოპინგამდე დაჰყავთ, რაც მათ მენტალიტეტსა და შეგნებაზე მეტყველებს. ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანებს ღირებულებები არ აქვთ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი საუკეთესო წლები გავატარე ევროპაში, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში მილანში, ჩემი წარმატებებიც დაკავშირებულია მილანთან, დაკავშირებულია ევროპასთან, რითიც მე ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვცხოვრობ ევროპული ღირებულებებით, რა თქმა უნდა, ვამაყობ ჩემი ქვეყნის, ქვეყნის ტრადიციებით, კულტურით და, რა თქმა უნდა, ამ მიდგომითა და დამოკიდებულებით ვზრდი ჩემს შვილებსაც.

ჩემთვის ევროპა, მეგობრებო, არა შოპინგზე სიარულს, არამედ ღირებულებებს ნიშნავს. იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც ქართველი ევროპაში ყოველთვის თავაწეული დავდიოდი, დღესაც ასე დავდივარ, ამაყი და თავაწეული და მომავალშიც ასე ვივლი. ჩემმა პირადმა გამოცდილებამაც დამარწმუნა, რომ თუ თავად არ იცი შენი ქვეყნის ფასი, თუ არ გიყვარს შენი ქვეყანა, კულტურა, ტრადიციები, წარსული, ის ღირებულებები, რაც შენს ქვეყანას გააჩნია, მერწმუნეთ არც ევროპა მიგიღებს და არც დაგაფასებს. თუ ჩვენი ოპონენტების არჩევანი ევროპისკენ ცალ ფეხზე სიარულია, ეს მეგობრებო თქვენი ნებაა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ცალ ფეხზე სიარულითა და მონური დამოკიდებულებით ევროპაში ვერასდროს შევალთ. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ მონობა არც ქართველების ხასიათში ზის და ჩვენი ხალხის დამონების პრეტენზია არავის უნდა ჰქონდეს.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიდეომიმართვაში.

კომენტარები