ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით გზაზე გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი.
„სამუშაოები გიორგი სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება. კერძოდ, ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი. ასევე, უსაფრთხო საფეხმავლო გადაადგილებისთვის მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები. მნიშვნელოვანია, რომ სამანქანო ზოლების რაოდენობა დარჩება უცვლელი. გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და შუქნიშნები. ასევე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება“ - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ სამუშაოები 28 ნოემბერს 00:00 საათზე დაიწყება და, დაახლოებით, 2 კვირა გაგრძელდება. გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე.
„პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ერთობლივად განახორციელებენ. ეს საკმაოდ დატვირთული მონაკვეთია, უამრავი ავტომანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება დღის განმავლობაში. შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობის ინტენსივობიდან გამომდინარე, დაგეგმილი სამუშაოები მხოლოდ ღამის საათებში ჩატარდება, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს“ - თქვა ივანიშვილის მერმა.





