"ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური?" – თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს ბრალდებას, რომ ის ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს.
"ნაციონალური მოძრაობა რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს,თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგროც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა". – თქვა კალაძემ.
გუშინ, თბილისის მერმა თქვა, რომ არ არის პრობლემა, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ.
"არის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელშიც არც ნიკა გვარამია და არც კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი ნახსენები არ არის. ეს 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული, თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. [ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს] თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება და ძალიან კარგი იქნება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა". – თქვა კალაძემ.
კალაძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით აქამდეც არაერთ კომენტარი აქვს გაკეთებული. მისი თქმით, საქართველოს ევროპელი პარტნიორები კანდიდატის სტატუსს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებენ.
"არ ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ იქნება დადებითი, პოზიტიური გადაწყვეტილება სტატუსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ამას იყენებენ, როგორც პოლიტიკურ იარაღს. აქვთ გარკვეული მცდელობები სხვადასხვა ადამიანებს, ე.წ. მეგობრებს, რომ როგორმე მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება მათთვის არ არის მისაღები ერთი მიზეზის გამო - გეტყვიან, ცალ ფეხზე დადექი, უნდა დადგე ცალ ფეხზე. ჩვენ ამას საკუთარ თავს არ ვაკადრებთ". – თქვა კალაძემ 14 მარტს.





