დავით კეზერაშვილის საქმე

ფორმულა: თავდასხმის სამიზნე კეზერაშვილი ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა

ტელეკომპანია ფორმულა 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება ტელევიზიის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და კრიტიკული მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

“გვაქვს ყველა არგუმენტი იმისთვის, რომ მტკიცედ გვჯეროდეს - ამ თავდასხმის სამიზნე დავით კეზერაშვილი სწორედ ფორმულას 51%-იანი წილის ფლობის გამო გახდა. [...] გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და ჩვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას.” - წერია განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას განცხადებით,  ადვოკატების მიერ საქმის მიმდინარეობისას წარდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფდა, რომ ბრალდება დავით კეზერაშვილის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის მიყენების თაობაზე ‘შეთითხნილი იყო’.

უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დაწყებას კი წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის მუქარა საპარლამენტო ტრიბუნიდან -"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”. ხაზგასასმელია ისიც, რომ შალვა თადუმაძე, რომელიც საქმის გასაჩივრებისას გენერალური პროკურორი იყო, უზენაეს სასამართლოში მას მოსამართლის ამპლუაში დახვდა.” - წერია ფორმულას განცხადებაში.

ამასთან, ტელეკომპანია ფორმულას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურისტები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს სამინისტროს სასარგებლოდ €5 060 000-ის ანაზღაურება დააკისრა. 

თავდაცვის სამინისტრომ დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2021 წლის სექტემბერში შეიტანა. მათ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ.

გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღიათ.

კომენტარები