დავით კეზერაშვილის საქმე

კეზერაშვილი: დახურავთ ფორმულას? მაშინვე ახალი გაჩნდება, თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელმა, დავით კეზერაშვილმა, განცხადება გაავრცელა, სადაც ის თავდაცვის სამინისტროს მიერ მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების განზრახვა ტელეკომპანია ფორმულას დახურვაა.

კეზერაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებით საშიში Edison Research-ის ეგზიტპოლია, რომელიც 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე ფორმულას ეთერში გავა.

იხილეთ განცხადება სრულად: 

"ჩემი მოლოდინი გამართლდა. იმთავითვე ცხადი იყო, რა მიზანს ისახავდა ივანიშვილი, როცა თავის "სასამართლო ტროიკას" დაავალა ორ ინსტანციაში ჩემ მიმართ გამამართლებელი განაჩენის შემობრუნება და "უზენაესში" გამტყუნება.

ჯიბის მოსამართლეებმა მყისიერად შეასრულეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ნება და ამით გზა გაუხსნეს მთავარ კომპონენტს მთელი ჩანაფიქრისა! დღეს უკვე ივანიშვილის ხელისუფლებამ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა ჩემ წინააღმდეგ და ვიცით, რომ აპირებენ ტვ ფორმულაში ჩემი წილის დაყადაღებას!

რა ინფორმაციაც გვაქვს - სახეზეა ტვ ფორმულას დახურვის განზრახვა! მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის!

დამოუკიდებელი მედიის სადისკრედიტაციო კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც!

ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან! დღეს დამატებით გაცხადდა, რომ სამიზნე არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ამ ბრძოლას უმძიმესი შედეგები ექნება ივანიშვილისთვის და მმართველი ძალისთვის!

განსაკუთრებულად საშიშად მიაჩნია მმართველ კლანს ფორმულას თანამშრომლობა ედისონ რისერჩთან და ფორმულას ეთერში, ძალიან მაღალი სანდოობის ეგზიტპოლების გამოქვეყნების გეგმა 2 ოქტომბერს 20:00 საათზე. 

დამოუკიდებელი მედია მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და სიმართლეს ეტყვის ქვეყანას ზეგ - რეფერენდუმის დღეს! საქართველოში შეუძლებელია განსხვავებული აზრის ჩახშობა, პლურალიზმის გაუქმება, ოპონენტთა დადუმება და საბჭოთა ჭაობში, რუსულ სივრცეში ქვეყნის საბოლოოდ ჩაძირვა!

ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი, თავისუფალი ჟურნალისტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასე რომ ივანიშვილის მორიგი ავანტიურა მხოლოდ დამატებით ნიშანს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვართ და თავისუფალი სიტყვის დაცვასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არ აქვს!

ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა "სამართლებრივი" გზა განწირულია!

დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!", - წერს კეზერაშვილი.


30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს, "თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით". 

2021 წლის 7 სექტემბერს დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ კეზერაშვილს თავდაპირველად 10 წელი მიუსაჯა და შემდეგ ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა. ეს საქმეზე პირველი გამატყუნებელი განაჩენია. 

უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ 6 წლის წინ აღძრულ საქმეზე სასამართლო წარმოება 2021 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე განაახლა. სასამართლომ განიხილა ე.წ წვრთნების საქმე, რომელზეც ორმა სასამართლო ინსტანციამ დავით კეზერაშვილი უკვე გაამართლა. 

ადვოკატის, გიორგი გელხაურის შეფასებით, არჩევნების წინ ძველი საქმის განხილვის გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდ მედიაზე ზეწოლას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმის მოსამართლე, შალვა თადუმაძე 3 წლის წინ, ამ საქმის განხილვის დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.

კომენტარები