კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

დეგნანი: მოვუწოდებთ პარლამენტს, გადახედეთ და გაიწვიეთ აგენტების კანონი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი პარლამენტს მოუწოდებს, გადახედონ და გაიწვიონ აგენტების შესახებ კანონპროექტები, რადგან ის საქართველოს ინტერესებში არ შედის და რუსეთის მსგავსი შედეგი ექნება.

"ჩვენ არ შევწყვეტთ ხელისუფლებას დარწმუნების მცდელობას და მოწოდებას, რომ არ მიიღონ ეს კანონი. აშშ, გაერო, ევროპის საბჭო, საქართველოს ყველა მეგობარი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ამ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, დაახშობს დამოუკიდებელი მედიის ხმას, როგორც ეს რუსეთში და მის მსგავს სხვა ქვეყნებში მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედოს ამ კანონს. ის არ არის აუცილებელი. უკვე არსებობს გამჭვირვალობა, როგორ გამოიყენება უცხო ქვეყნების დახმარება. ამ კანონს ექნება დამღუპველი ეფექტი საქართველოში მომუშავე ორგანიზაციებისთვის, რომ აკეთონ კარგი საქმე, დაეხმარონ საჭიროების მქონე ქართველ ადამიანებს. კანონი არ არის საჭირო და ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, გთხოვთ, გადახედეთ, გამოიწვიეთ ეს კანონი". – თქვა კელი დეგნანმა.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს.

კანონპროექტების ინიცირებას საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. კანონი არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. ამასთან, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებით, კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან. საქართველოში ამერიკის ელჩთან ერთად კანონპროექტზე რამდენიმე განცხადება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც, რომელმაც თქვა, რომ აგენტების კანონმა, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კრიტიკულად შეაფასა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობამ, ევროპის საბჭომ, საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებმა.

კომენტარები