აგენტებზე კანონი

ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს – მიატოვიჩი რუსულ კანონზე

OSCE/Micky Kroell

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღებას შესაძლოა "სერიოზული მსუსხავი ეფექტი" ჰქონდეს საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. ის მოუწოდებს პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი წერილის არაოფიციალურ თარგმანს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს.

"ძვირფასო თავმჯდომარევ, გწერთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით (N 07-3/293/10, რეგისტრირებულია 2023 წლის 14 თებერვალს). მიღების შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიის უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციას, თუ ისინი დაფინანსების ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. როგორც ჩანს, კანონპროექტი აწესებს ცალკე სამართლებრივ რეჟიმს ასეთი სუბიექტებისთვის, რაც მათ დამატებით ავალებს ანგარიშგებას, ინსპექტირებას და უქვემდებარებს სანქციებს.

ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე.

გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა,  ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედიის მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით.

ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად,  უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. ამასთან, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციას არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომელიც ადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებას, მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება ლეგიტიმური საქმიანობისათვის, მათ შორის, უცხოური წყაროებიდან.

ამ ფონზე, გამოვთქვამ შეშფოთებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ამ კონტექსტში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა. კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისთვის სპეციალური სტატუსისა და სამართლებრივი რეჟიმის შექმნა არ იყო გამართლებული, ასევე, ასეთ ინიციატივებს მნიშვნელოვანი მსუსხავი ეფექტი ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ შესაძლებლობაზე, შეესრულებინათ სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმური ფუნქციები.

შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, ცალსახად აიღონ ვალდებულება და ხელი შეუწყონ მრავალფეროვან და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმეებში, საქართველოში შექმნან ხელსაყრელი გარემო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების ფუნქციონირებისთვის.

მადლობელი ვიქნები, თუ უზრუნველყოფთ, რომ პარლამენტის ყველა წევრმა მიიღოს წერილის ასლი და გამოვთქვამ მზადყოფნას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში, თქვენთან ერთად განვიხილო ზემოაღნიშნული საკითხები" - ნათქვამია დუნია მიატოვიჩის წერილში.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

ამაზე, ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

კომენტარები