კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

პრაისი: აგენტების კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მოძრაობა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს "უცხოური აგენტების" შესახებ და თქვა, რომ კანონმა, შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას

"ღრმად გვაშფოთებს კანონპროექტის გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ არაერთხელ განმეორებით გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება პირდაპირ საქართველოს მთავრობასთან. ინიცირებული კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებსაც სურთ შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის.

გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულებში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს", აშკარად სიცრუეა. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს ანალოგიური რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული". – თქვა პრაისმა.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები