კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ნიდერლანდების ელჩი "აგენტების" კანონზე: შეშფოთებული ვარ, მის საჭიროებას ვერ ვხედავ

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მარია ქრისტინა ვან კოლდამი ფორმულასთვის მიცემულ კომენტარში გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატების მიერ "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ მომზადებულ კანონპროექტს.  

ელჩის თქმით, საერთაშორისო დონორები საქართველოში ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების მრავალფეროვნებისა და დამოუკიდებლობის ზრდას და ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია ასევე მუშაობს ხელისუფლებასთან ერთად სხვადასხვა რეფორმების გასატარებლად. შესაბამისად, ელჩის აზრით, არ არსებობს მსგავსი კანონპროექტის მიღების არანაირი აუცილებლობა, ვინაიდან დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობა არსებული მექანიზმებით უკვე არის უზრუნველყოფილი. 

"ძალიან შეშფოთებული ვარ ამ კანონპროექტით, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ყოლა ნებისმიერი ქვეყნისთვის დიდი აქტივია. ეს კარგი გზაა რეფორმების პროცესის მხარდაჭერისთვის. ეს ბევრნაირად გამოიყენება საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და არა მხოლოდ თბილისში. ეს არის საშუალება მზრუნველობისა და გვერდში დგომისთვის და ამისთვის ვართ აქ. ამას ვაკეთებთ, რომ სარგებელი მოვუტანოთ საქართველოს, მის მოსახლეობას, რეფორმების პროცესს. სხვათა შორის ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გუნდურად მუშაობს ხელისუფლებასთან და ეს საამაყო უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის საჭიროებას ვერ ვხედავ და როდესაც გამჭვირვალობაზე ვლაპარაკობთ, არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას. ჩვენ, დონორები გამჭვირვალეები ვართ და საუკეთესო ზრახვები გვაქვს". – ამბობს მარია ქრისტინა ვან კოლდამი.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაიცების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები