კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ბორელის პრესსპიკერი "აგენტების" კანონზე: შეშფოთებას იწვევს, შეუთავსებელია EU-ს ნორმებთან

"შემოთავაზებული კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს". - ნათქვამია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში. 

ამავე განცხადების თანახმად, კანონპროექტის მიღება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელი იქნება. 

"მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები