კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მმკ-ის მღვდლები აშშ-ზე: სკამშერყეული ჰეგემონი ცდილობს საქართველოში დიქტატურის დამყარებას

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მღვდლები და მისი ლიდერი, დეკანოზი დავით ისაკაძე 9 მარტს, ღამის საათებში აშშ-ს საელჩოსთან პარაკლისის აღსავლენად იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეომიმართვა ჩაწერეს. 

დეკანოზის თქმით, რუსთაველზე გამართული აქციები მშვიდობიანი აქციისა და დემოკრატიის ზღვრებს სცდება და ამაზე აშშ-ს ხელისუფლება თვალს ხუჭავს. 

"ლამის პარლამენტში შეიჭრა ის ეგზალტირებული ბრბო, რომელიც დღეს რუსთაველის პროსპექტზეა მობილიზებული და ერთი განცხადება არ გაკეთებულა ამის შესახებ აშშ-ს საელჩოსგან, ან ევროკავშირის ელჩისგან, რომ დაუშვებელია ასეთი ექსტრემისტული მოქმედებები. [...] ასეთია ორმაგი სტანდარტები აშშ-ს ხელისუფლების. უკვე სკამშერყეული ჰეგემონისა მსოფლიოში, რომელიც ცდილობს საქართველოში დაამყაროს ის დიქტატურა, რომელიც 9 წელი გვტანჯავდა და ხელი შეუწყოს ამ პროცესების განვითარებას. ჩვენ, ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ყველა მშვიდობიანი და კანონით დაშვებული ფორმით ვამხელთ ამერიკის ხელისუფლებას, არა მარტო ამ საელჩოს, არამედ თეთრ სახლს, მათ დესტრუქციულ საქმიანობაში საქართველოში". – ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 133 პირი. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

კომენტარები