კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

ჰერჩინსკი: "აგენტების" კანონი ეწინააღმდეგება სულ მცირე 2 რეკომენდაციასა და EU-ს პრინციპებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტები "უცხოური აგენტების" შესახებ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დასახული 12 რეკომენდაციიდან, სულ მცირე, ორს – სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასა და მედიის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

"ეს არასწორი მესიჯია, არასწორ დროს. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება, სულ მცირე, 2 პრიორიტეტებს 12 პრიორიტეტიდან. ის ეწინააღმდეგება პრიორიტეტებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების შესახებ. მესმის, რომ ეს ჯერ კიდევ ინიციატივაა, რომელიც ჯერ შესაბამისად არ განუხილავთ, შესაბამისად ჯერ კიდევ გვაქვს დრო. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონი არ გხდება. [...] ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს". – თქვა ჰერჩინსკიმ.

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები