სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ჩემ სახლში წასვლას ემსახურებოდა, რაც მიღწეულია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

"ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს, რაც პრინციპში მიღწეულია". – ამბობს სახელმწიფო ინსპეტორი, ლონდა თოლორაია და განმარტავს, რომ კანონის მიხედვით, ის სახელმწიფო ინსპეტრორი 1 მარტიდან აღარ იქნება.

თოლორაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან, სხდომის ჩანიშვნის მიზეზით, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია. თოლორაია იმედოვნებს, რომ სხდომა 1 მარტამდე ჩაინიშნება.

სახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 25 იანვარს შეიტანა.

"ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას. ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს". – ამბობს ლონდა თოლორაია.

13 იანვარს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართველო პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 30 დეკემბერს, დაჩქარებული წესით გააუქმა.

საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვეს და კანონპროექტს მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილი თავდასხმა უწოდეს. ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ შეშფოთება გამოთქვა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო და აღნიშნა, რომ კანონი დემოკრატიისთვის რისკის შემცველია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა. მიღებულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოში გაეროს სააგენტოების ჯგუფმაც.

კომენტარები