ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩა, აფხაზეთი და რუსული გენოციდი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩა, აფხაზეთი და რუსული გენოციდი

პირველ აპრილს, მას შემდეგ, რაც ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა, უკრაინელმა სამხედროებმა ასობით დახოცილი მოქალაქე იპოვეს. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების მიხედვით, მათი უმრავლესობა წამებით მოკლეს. ასევე, დასტურდება ბავშვებისა და ქალების გაუპატიურების ფაქტები. მალევე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ოკუპანტების მოქმედებები ბუჩაში გენოციდად შეაფასა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ და პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გაიზიარეს. მოგვიანებით, უკრაინის, კანადის, ჩეხეთისა და  ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოებმა ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი მოსახლეობის მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტვა გენოციდად აღიარეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი სიტყვა “გენოციდის” გამოყენებას მოერიდა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინაში პუტინის მოქმედებები გენოციდისგან შორს არ არის. ხოლო მაკრონმა, გენოციდის დადგენის საკითხი იურისტებს მიანდო.

სოხუმი -1993 და ბუჩა - 2022

რუსეთის სასტიკმა და არაადამიანურმა მოქმედებებმა საერთაშორისო სივრცეში გენოციდთან დაკავშირებული პასუხგაუცემელი კითხვები დააბრუნა - აღნიშნული საკითხი საქართველოს კიდევ უფრო მეტად ეხმიანება, ვინაიდან საერთო მტერი დღეს უკრაინაში ისტორიის იმ ხაზს აგრძელებს, რომელიც აფხაზეთში 30 წლის წინ დაიწყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისის მიმართვაში აღნიშნა, რომ სამყარომ ბოროტების ხელახალი დაბადება ვერ შეამჩნია. თუმცა აშკარაა, რომ საქმე ვერშემჩნევის ნაცვლად, განზრახ თავის არიდებასთან გვაქვს. უკრაინის ომმა დასავლეთს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ტირანიასთან ბრძოლაში დაშოშმინების პოლიტიკა არასოდეს გაამართლებს.

რა არის გენოციდი?

სიტყვა გენოციდი პირველად 1944 წელს პოლონელმა ებრაელმა იურისტმა და აქტივისტმა რაფაელ ლემკინმა გამოიყენა. ლემკინი, რომელიც ჯერ უკრაინის ქალაქ ლვოვში, შემდეგ - პოლონეთში სწავლობდა, ახალი ტერმინით ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ მათი განადგურების მოტივით ჩადენილ დანაშაულს ახასიათებდა.

მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის ყველა წევრი, გარდა ძმისა, ჰოლოკოსტს ემსხვერპლა, აქტივისტმა იურისტმა კამპანია წამოიწყო, რათა გენოციდი საერთაშორისო სამართლით დასჯადი გამხდარიყო. საბოლოოდ, მისმა დაუღალავმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და გაერომ 1948 წლის დეკემბერს გენოციდის შესახებ კონვენცია მიიღო.

“სოხუმის ადგილობრივი მცხოვრები ადასტურებს, რომ მას ქუჩებიდან გვამების აკრება დაევალა, შედეგად -  4 კამაზი 250-მდე ცხედრით გაავსო”.

გაეროს განმარტების მიხედვით, გენოციდი აღწერს ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანად, ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიტყვა "მიზნით", რადგან წინასწარი განზრახვა არის ის მთავარი ნიშანი, რაც გენოციდს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულებისგან ასხვავებს. მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათ შორის გაეროსთვის, კონკრეტული დანაშაულის გენოციდად აღიარების მთავარი სირთულე იმის დამტკიცებაა, რომ ქმედების უკან კონკრეტული ჯგუფის განადგურების განზრახვა ჩანს.

ამ სირთულეების გამო, კონვენციის მიხედვით, გენოციდად მხოლოდ სამი შემთხვევაა აღიარებული. და ამ უკანასკნელში არ შედის რუსეთის მიერ ჩადენილი არცერთი ომის დანაშაული.

მართალია, გაეროს რუსეთის დანაშაულები ჯერ გენოციდად არ შეუფასებია, თუმცა, მკლევართა და ისტორიკოსთა დიდი ნაწილი რუსეთს მასობრივ ხოცვა-ჟლეტვაში ადანაშაულებს და რეჟიმის ბოროტების სპეციფიკურ ბუნებაზე საუბრობს.

რუსეთის გენოციდის სახელმძღვანელო

ამერიკელი ისტორიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მკვლევარი, ტიმოთი სიდერი სტატიას “რუსეთის გენოციდის სახელმძღვანელოს” სწორედ ბუჩის ამბების პარალელურად წერს.

ავტორის განმარტებით, "დენაციფიკაცია" რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფოსა და ერის განადგურებას ნიშნავს.

სიდერი აღნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი "ნაცისტებზე" საუბრობს არა იმიტომ, რომ ის მართლაც ულტრამემარჯვენეებს ეწინააღმდეგება, არამედ სწორედ ამ რიტორიკული ხერხის გამოყენებით არაპროვოცირებული ომისა და გენოციდური პოლიტიკის გამართლებას ცდილობს.

ეს ხელწერა საქართველოსთვის უცხო არ არის, რუსეთი აფხაზეთის ომის დროსაც მსგავსი სტრატეგიით მოქმედებდა: “ეჭვგარეშეა, რომ დღეს საქართველოს ოფიციალური იდეოლოგია და სისტემა ფაშისტურია. და დღეს, იქ ფაშისტური სისტემა მტრის ხატის - როგორც შინაგანი, ისე გარეგანი, გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს”. - ვკითხულობთ აფხაზი პოლიტიკოსის, ზურაბ აჩბას განცხადებაში.

რუსეთის ნაციზმთან “დაპირისპირებით” მივდივართ ერთგვარ პარადოქსამდე - ამ აბსურდული განმარტებით, თავად რუსეთი ფაშიზმის ელემენტს კარგავს. სწორედ ესაა რეჟიმის მიზანიც: სხვაზე "ნაციზმის" დაბრალდებით, ცხადად ფაშისტური მოქმედებები - სვასტიკის მსგავსი სიმბოლოების გამოყენება, პროვოკაციების სერია, ეთნიკური წმენდა, აგრესიული ომები, ელიტის გატაცება-განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა, - კონტრფაშისტური ხდება. რუსეთი ტერმინის ამგვარი დამახინჯებით ცდილობს, რომ ისტორიის სწორ მხარეს დადგეს.

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული სისტემა ჯორჯ ორუელის ლიტერატურულ მიგნებებს პრაქტიკაში იყენებს და მიზნის მიღწევას სიტყვების შინაარსისაგან დაცლითა და საპირისპირო მნიშვნელობების მიწეპებით ცდილობს. კერძოდ, “1984-ში” თუ “სიყვარულის სამინისტრო” ხალხის მტრებს აწამებს, იმავე ლოგიკით - ოკუპანტები, დენაციფიკაციის სახელით, დახოცილ ებრაელთა მემორიალს ბომბავენ.

როცა ვიცით, რომ რუსეთის მთავარი იარაღი ისტორიული ნარატივების დამახინჯება და სიტყვებით თამაშია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება საკუთარი ისტორიისა და უახლოესი წარსულის სიყალბისგან დაცვა.

საერთაშორისო სივრცე, რუსეთი, აფხაზეთი, ქართველები

1993წ. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც აგრესია, რომელიც მიზნად საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევასა და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას ისახავდა.

"რომ ჩამოვედი, მერე მეხსიერება დამეკარგა. ჩამოვედი, იმხელა სტრესი მქონდა, იქ გზაში, ყველაფერი... ხო, აქ რო ჩამოვედი, არაფერი არ მახსოვდა. პირველად რო ჩამოვედი, აი, ასე ვიჯექი, სულელივით ტელევიზორთან და ველოდებოდი, ეს მახსოვს, როცა დაგვაბრუნებენ სახლში, რომ დაგვაბრუნონ სახლში, და ვუყურებდი, აი, დღეს არა, ხვალ, ხვალ, ხვალ დაგვაბრუნებენ. აი, ეს აზრი მქონდა მარტო".  აფხაზეთი, 1993

1992-1993 წლის აფხაზეთის ომის გამო დაახლოებით 200-250 ათასამდე ქართველი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად იქცა. ქართველების მიზანმიმართული ხოცვა და დევნა უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ 1994, 1996 და 1999 წლის კონვენციებში აღიარა, როგორც ეთნიკური წმენდა, თუმცა ეუთომ ტერმინი გენოციდის გამოყენებისგან თავი შეიკავა.

ეუთომ პირველ ეტაპზე აფხაზეთში ეთნიკური წმენდის მიზნით ჩადენილი დანაშაულები დაგმო და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის სამიტზე მონაწილე სახელმწიფოები, საჭიროების შემთხვევაში, ჰააგას საგამოძიებო ტრიბუნალს მხარს დაუჭერდნენ. თუმცა, უკვე 1996 წლისთვის ლისაბონის შეხვედრაზე ეუთომ დამატებით ტერმინი - “მასობრივი განადგურება” გამოიყენა, რაც აფხაზეთის ომში ქართველთა გენოციდზე პირდაპირ მინიშნებად შეგვიძლია აღვიქვათ.

“ჩვენ [ეუთოს წევრი სახელმწიფოები] ვგმობთ ეთნიკურ წმენდას - რომელიც აფხაზეთში ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივ განადგურებასა და იძულებით გადასახლებაში გამოიხატება”. - ვკითხულობთ 1996 წლის ლისაბონის კონვენციაში.

3 წლის შემდეგ, სტამბოლის სამიტზე ბუდაპეშტისა და ლისაბონის კონვენციების დამოწმებით, ქვეყნებმა განმარტებაში ცვლილებები შეიტანეს და აღნიშნეს, რომ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად, სახელმწიფო კომისიის გარდა, საერთაშორისო დელეგაციის შექმნა იყო საჭირო. სამწუხაროდ, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია არასდროს შექმნილა.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ხდება დანაშაულის ეთნიკურ წმენდად აღიარება და არა გენოციდად არის ის, რომ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტი არ არსებობს, შესაბამისად, მას არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგები. ეთნიკური წმენდა კონკრეტული ჯგუფის იძულებით გადაადგილებას გულისხმობს, მაგრამ არ არსებობს ხელშეკრულება, რომელიც მის ზუსტ პარამეტრებს განსაზღვრავს. მიუხედავად იმისა, რომ ზღვარი ამ ორ დანაშაულს შორის ბუნდოვანია, ეთნიკური წმენდა შიდა და სამართლებრივ მოქმედებას არ საჭიროებს, რის გამოც, ის უფრო მეტად მოქმედებისკენ მოწოდების შინაარსს ატარებს, თუმცა, რეალურად, პოლიტიკურად ნაკლებად დატვირთულია.

1999 წელს საქართველოს სახელმწიფო კომისიამ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დასკვნა გამოაქვეყნა, რასაც თან 25 000-ზე მეტი პირის ჩვენებებიდან ნაწყვეტები დაურთო. დასკვნაში ვკითხულობთ:

“გენოციდი აფხაზეთში ჩაფიქრებული იყო და ხორციელდებოდა ეტაპობრივად - 1992 წლის 14 აგვისტოდან - 2 ოქტომბრამდე გუდაუთის ზონაში, იმავე წლის 2 ოქტომბრიდან 1993 წლის 15 სექტემბრამდე გაგრაში, ხოლო 1993 წლის 16 სექტემბრიდან სოხუმის, ოჩამჩირის, გალის რაიონებსა და ქალაქ ტყვარჩელში”.

ასევე, თვითმხილველების ჩვენებებით, კონფლიქტის დაწყებიდან პირველსავე დღეებში ეშერიდან, ლიხნიდან, არადუდან, ახალსოფლიდან გააძევეს 5000 კაცი, 70 წლის ინდიკო გრძელიძეს საჯაროდ ამოგლიჯეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ელგუჯა მაისურაძე, ხოლო 65 წლის ნიკოლოზ ქვაბზიანიძე ტრაქტორს გამობმული ათრიეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.

ირკვევა ისიც, რომ აფხაზთა რაზმები რუსეთთან ერთად, შობადობის შეწყვეტისთვის გათვლილ ზომებს იღებდნენ. კერძოდ, მოწმე ოთარ გობეჯიშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ: “გაგრის აღების მეორე დღეს დაიწყო ხალხის მასიური ხოცვა-ჟლეტა. არ დაინდეს ორსული ქალებიც კი, რომლებსაც მუცლებს უფატრავდნენ და იქიდან ამოღებულ ნაყოფებს ფეხით თელავდნენ”.

სახელმწიფო კომისია წერს, რომ ქართველთა გენოციდის სისხლის სამართლის საქმის ასეულობით ტომში გენოციდის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა დანაშაულების მტკიცებულებებია წარმოდგენილი, ასევე ორგანიზატორებს შორის 20-ზე მეტი, ხოლო უშუალო აღმასრულებლებს შორის 800 დამნაშავე იდენტიფიცირებულია. თუმცა, დღემდე, არცერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიცემულა.

აფხაზეთის ტრაგედიის თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი მიხეილ აიდიონოვი ერთ-ერთ თავის წერილში წერს: "ახალდაბაში ბავშვებს ხელები და ფეხები გადაუმტვრიეს, სარებზე დასვეს, ერთ ბავშვს ტანკით გადაუარეს. ბავშვი გაატყავეს და ხორცზე წააწერეს: "ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე"
აფხაზეთი, 1993

იმის გამო, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ქალი და ბავშვი დაიხოცა აფხაზეთის ომში, გადავწყვიტეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებული სიების მიხედვით დაგვეთვალა მონაცემები. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია ნაკლულია - დახოცილთა დიდ ნაწილს არ აქვს ასაკი მითითებული, ზოგიერთი მათგანის მხოლოდ გვარია ცნობილი, შესაბამისად, დიდი ალბათობით იმაზე მეტი ბავშვია დახოცილი, ვიდრე ჩვენს სტატისტიკაშია ასახული.

სიებზე დაყრდნობით, სულ 3300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 800-მდე ქალი და 50-ზე მეტი ბავშვი. უგზოუკვლოდ დაკარგულად 300-მდე ადამიანი ითვლება, მათგან 20-ზე მეტი - ქალი და 10-ზე მეტი - ბავშვია.

სახელმწიფო კომისია დასკვნით ნაწილში წერს, რომ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მასალები ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალისთვის უნდა გადაეცათ, მაგრამ საქართველოს მთავრობას სარჩელი ჰააგაში არც ამის შემდეგ შეუტანია.

მიუხედავად ამისა, 1994, 1996 და 1999 წლის კონფერენციებზე ეუთოს მიერ მსჯელობის ხაზის განვითარება და რუსეთის დანაშაულის წინააღმდეგ რიტორიკის გამკაცრება იმის მანიშნებელია, რომ არსებობს შანსი - საქართველოს მყარი პოზიციის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციამ საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს და ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს შორის დატოვებული ხელოვნური სივრცე შეავსოს.

ბუჩის გაკვეთილი

საქართველოსგან განსხვავებით, ზელენსკიმ თავისი მკაცრი რიტორიკის შედეგად მოახერხა ის, რომ დასავლელი ლიდერების დიდმა ნაწილმა უგულებელყო იურიდიულ ტერმინთა დამაბნეველი თავსატეხი და რუსეთის დანაშაულის მხილებაში უკრაინას შეუერთდა.

"აფრენისას პილოტი გვეუბნება, რომ ძალიან გადატვირთულია თვითმფრინავი და შეიძლება წყალში გადავვარდეთ, მაგრამ არავინ არ ჩამოდის, რადგან აზრი არ აქვს, თუ დარჩები - მოკვდები, აქ კიდევ შეიძლება გადარჩე" სოხუმი, 1993.

გაერო და ეუთო აღიარებს თუ არა აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ მიმართულ სისასტიკეს გენოციდად, მნიშვნელოვანია. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა პოზიცია ექნებათ საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

გენოციდის საერთაშორისო განმარტება ერთგვარ პირამიდას ჰგავს, რომლის წვერშიც ჰოლოკოსტი თავსდება, როგორც კაცობრიობის უდიდესი დანაშაული და სისასტიკის საზომი. დიდია ალბათობა იმისა, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი შედეგი აღნიშნული დანაშაულების იერარქიის გადახედვა იყოს - ქმედების სისასტიკის განსაზღვრისას არა რომელიმე კონკრეტული შემთხვევას, არამედ ზოგადი პრინციპს უნდა წარმოვიდგენდეთ, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე აღარ იქნება დამოკიდებული.

უკრაინას ესმის, რომ რუსეთის აგრესიის გენოციდად კლასიფიცირება ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ეჭვს არ ბადებს ის, რომ ქვეყნების საერთაშორისო განწყობები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში აისახება. ჩვენი ომი, რომელიც 30 წელია მიმდინარეობს, ამ პოლიტიკის ნაწილია - ახლა ისე, როგორც არასდროს, უნდა ვისაუბროთ ქალებზე, რომლებსაც ახალდაბაში აუპატიურებდნენ, ბავშვებზე, რომლებსაც ჭებში ახრჩობდნენ, მშობლებზე, რომლებსაც საკუთარი შვილების ორგანოების ჭამას აიძულებდნენ.

დღეს რუსეთი ტერიტორიების მიტაცებისთვის ბრძოლას, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასა და ჟლეტვას უკრაინაში აგრძელებს. იცვლება თავდასხმის ობიექტი, თუმცა არა - სცენარი. მინოტავრი, რომელიც თავს ისტორიული ლაბირინთებით იცავს, მანამ არ შეწყვეტს ხარკის მოთხოვნას, სანამ მას თავს საბოლოოდ არ წავაცლით. რუსეთს არა მხოლოდ უკრაინა ან საქართველო, არამედ მთელი დასავლური სამყარო უნდა შეერკინოს. ბოროტების დასამარცხებლად მნიშვნელოვანია მყარი პოზიცია, რათა ბოროტებას შესაბამისი სახელის დაერქვას: ამ ომში არიადნეს ძაფი საკუთარი ისტორიული ნარატივის დაცვა და მასსში პარტნიორი ქვეყნების დარწმუნებაა.

1992 წლის სექტემბერში სოფელ ბზიფში მოკლული გიორგი აბრამიშვილის ხორცის ნაჭრები ჯერ დაამარილეს, მერე მისსავე ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.
აფხაზეთი, 1993.

ამონარიდები 1999 წლის საქართველოს სახელმწიფო კომისიის აფხაზეთის გენოციდის შესახებ დასკვნიდან:

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში აწამეს და დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქის მერი გ. გაბისკირია, პოლიციის უფროსი რაფავა, გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მიხეილ ჯინჭარაძე და სხვები.

გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროსს, ალექსანდრე ბარამიას, რომელსაც ოჯახში სტუმრები ჰყავდა თავს დაესხნენ აფხაზი და ჩეჩენი “ბოევიკები” მის გარდა ამ დროს სახლში იყვნენ: მეუღლე, შვილი და სტუმრები. ბარამიას ქალიშვილი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ თავი მოჰკვეთეს, მეუღლესაც მოჰკვეთეს თავი წამების შემდეგ. ბოლოს კი ალექსანდრე და მასთან ერთად მყოფი სტუმრებიც დახვრიტეს.

აფხაზეთის ომში დახოცეს ასზე მეტი ქართველი ხელოვნების მუშაკი, მათ შორის ქალები. წამებით მოკლეს 37 წლის ნატო მილორავა, დრამატული თეატრის მსახიობები ვასილ ჩხეიძე, თეიმურაზ ჟვანია, გურამ გელოვანი და სხვები.

მოკლეს 30-ზე მეტი მედიცინის მუშაკი, ძირითადად ქალები.

სეპარატისტებმა დახვრიტეს 200-ზე მეტი მასწავლებელი, მათ შორის 60-ზე მეტი ქალი: ვენერა სიგუა, იულია გოგოხია-ჭითანავა, ცაცა ძანძავა, ეკა ფილფანი, ლია აქუბარდია, ძაბული ფაჩულია და სხვები. 65 წლის მასწავლებელი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ თავი მოკვეთეს. ჭირისუფლებს დამარხვის საშუალება არ მისცეს, რის გამოც ქუჩაში უპატრონოდ დაგდებული მიცვალებული ძაღლებმა და ღორებმა წაბილწეს. რაც შეეხება გიორგი ფიფიას, მას ჯერ ყურები მოაჭრეს, შემდეგ ცხვირი და ასე გამოასალმეს სიცოცხლეს.

5 ოქტომბერს დაბა-ლესელიძეში აწამეს და ელექტრონის ბოძებზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი.

თვითმხილველი მოწმე ხარაიშვილის ჩვენებით ქ. გაგრაში ქართველთა წამებისას, სეპარატისტები სახალხოდ ყვიროდნენ გაგრა-ლესელიძის ზონაში ყველა ქართველის გაჟლეტის, ქართული წიგნების, კულტურის ძეგლებისა და ქართველთა სახლების გადაწვის შესახებ. სიკვდილით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც ქართველებს დაეხმარებოდა.

ჰყვებიან, რომ ქალაქის ქუჩები ქართველთა ცხედრებით იყო მოფენილი, მარტო ნ. კურჩენკოს პარკში 400 ადამიანი დაუხოცავთ. მიცვალებულთა ცხედრები ზღვაშიც ეყარა. რთული აღმოჩნდა მათი, აგრეთვე იმ პირთა ვინაობის დადგენა, ვინც ოკუპაციის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ქალაქებსა და სოფლებში დაიღუპა ოკუპანტებისა და სეპარატისტების ხელიდან.

ადგილობრივი მცხოვრები ადასტურებს, რომ მას დაევალა ქუჩებიდან გვამების აკრება, შედეგად - გაავსო 4 კამაზი 250-მდე ცხედრით.

თინა ბარკალაიას ჩვენებიდან: “აფხაზებმა თვალწინ მომიკლეს ბიძაშვილი, ლიძავაში მცხოვრები ცეზარ ქველიძე, რომელსაც ჯერ ცხვირი მოაჭრეს, შემდეგ ყური და ერთი ფეხი მუხლის ქვემოთ, შემდეგ კი დახვრიტეს. ასეთივე წამებით მოკლეს 70 წლის ანდრო სიმონიშვილი”.

მთელი ღამე მუხლებამდე წყალში ჰყავდათ ჩაყენებული შიშველი შოთა მგელაძე, რომელსაც ერთ-ერთა ჩეჩენმა “ბოევიკმა” დანით გადაუჭრა მარცხენა ხელი, მისი სისხლით ჭიქა აავსო და მსხვერპლს შესთავაზა დაელია, როდესაც პასუხად უარი მიიღო ცინიკურად მოუბოდიშა და უთხრა: “რა ვქნა ძმაო, არ გეწყინოს, მე შენს სისხლს კი არა, ყველა ქართველის სისხლს ვსვამო” და თან დაემუქრა, თუ აფხაზეთის ტერიტორიას ქართველები არ დატოვებენ, ყველას სიკვდილი მოელისო”.

სოხუმში ორი ადამიანი საკუთარ სახლშივე დახოცეს, შემდეგ ორივე მკლავებზე და ფეხებზე ხორცი მოკვეთეს და იატაკზე დაყარეს. ერთ-ერთის მეუღლის კითხვაზე - თუ რატომ სჩადიან ამას. სეპარატისტებმა უპასუხეს, ყველა ქართველს ეს დღე მოგელით, თუ არ დატოვებთ აფხაზეთის ტერიტორიას.

კომენტარები