რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ინფორმაციას უკრაინის ელჩი პრაღაში, ევგენ პერებიინი Twitter-ზე ავრცელებს.

"ჩეხეთის სენატმა ახლახან გენოციდად აღიარა დანაშაულები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში სჩადიან. მიღებული რეზოლუცია ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გულისხმობს". - წერს ელჩი.

ამასთან ერთად, ჩეხეთის სენატორების თქმით, რუსეთი უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და საერთაშორისო კონვენციებს უხეშად არღვევს.

სენატმა უკრაინის ქალაქებში რუსეთის მიერ ჩადენილი მრავალი სამხედრო დანაშაული დაგმო. მათ შორის: ბუჩაში, ბოროდიანკაში, ირპენსა და მარიუპოლში, რომელიც მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს, ასობით ათასი ადამიანის მასობრივ სიკვდილით დასჯასა და დეპორტაციას მოწმობს.

ასევე, 21 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ამასთან ერთად, 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ტერორიზმს შეადარა. მისი თქმით, ომის დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები