რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა

ესტონეთის პარლამენტი

21 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ძალების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხალხის მსახური დეპუტატი, ელენა შულიაკი Telegram-ზე ავრცელებს.

ელენა შულიაკმა ესტონელი პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1993 წელს ესტონეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინის მოსახლეობის გენოციდად აღიარა.

"ჩვენ ვიცნობთ ესტონეთს, როგორც ნულოვანი ტოლერანტობის ქვეყანას ნებისმიერი ტოტალიტარიზმის, დიქტატურის, გენოციდის და არაადამიანური პოლიტიკის სხვა გამოვლინებების მიმართ. დღეს კი ის პირველი იყო ვინც გენოციდის აღიარების საკითხი განიხილა, რომელიც რუსეთმა უკრაინაში XXI საუკუნეში ჩაიდინა. ეს მნიშვნელოვანია ათიათასობით მსხვერპლის ხსოვნისათვის. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გააუპატიურეს და აწამეს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვისი სახლებიც დაინგრა, მნიშვნელოვანია ასიათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დღეს მარიუპოლში იძულებულნი არიან ბომბებისგან სარდაფებში დაიმალონ და აქვთ უკანასკნელი იმედი, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ჰუმანიტარულ დერეფნებს დაუშვებენ.

ამავდროულად, რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. დღეს რუსეთი გასული საუკუნიდან ყველაზე არაადამიანურ პრაქტიკას იყენებს, რომელიც რომელიც დიდი ხანია დაგმეს ყველა დონეზე და ყველა ქვეყანაში. საუბარია განადგურების, მთელი ერის მოსპობის სურვილზე. ისევე, როგორც ეს იყო ჰოლოდომორის დროს. ისევე, როგორც ეს იყო ჰოლოკოსტის დროს". - თქვა დეპუტატმა.

ამასთან ერთად, 13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა, ხოლო პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში ტერორიზმს შეადარა. მისი თქმით, ომის დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები