რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტრუდო: აბსოლუტურად სწორია, როდესაც პუტინის ჩადენილ ქმედებებს "გენოციდს" ვუწოდებთ

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ტერმინი "გენოციდი" აბსოლუტურად სწორად და ზუსტად მიესადაგება რუსეთის ქმედებებს. 

"როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, აუცილებელია ობიექტური პროცესი, რომლის მიხედვითაც გენოციდის დანაშაული დგინდება. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორია, როდესაც ვლადიმირ პუტინის ჩადენილ ქმედებებს სულ უფრო მეტი ადამიანი უწოდებს გენოციდს". - ამბობს ჯასტინ ტრუდო. 

პრემიერმინისტრმა ასევე მიუთითა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ თავდასხმებზე, მათ შორის გასულ კვირას აღმოსავლეთ უკრაინაში მატარებლის სადგურის დაბომბვაზე, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრუდომ ისაუბრა სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე, ომის დანაშაულებსა და დანაშაულებზე კაცობრიობის წინააღმდეგ. 

"რა გზითაც ისინი თავს ესხმიან უკრაინულ იდენტობასა და კულტურას, ეს ყველაფერი მხოლოდ ომის დანაშაულზე მიუთითებს, რაზეც პასუხისმგებელი პირადად პუტინია. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია". - აღნიშნავს კანადის პრემიერმინისტრი.

12 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა. მან ამერიკელ ხალხს მიმართა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

კომენტარები