რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: არის თუ არა გენოციდი, იურისტებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკოსებმა

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განმარტა, თუ რატომ არ იყენებს ტერმინ "გენოციდს" უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად. მისი განცხადებით, ეს ომის ესკალაციას გამოიწვევს. როგორც მაკრონი ამბობს, ეს ყველაფერი მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარშიც აუხსნა.

"სიტყვა გენოციდს თავისი მნიშვნელობა აქვს და ეს იურისტებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკოსებმა. ის სახელმწიფოები, რომლებიც ამას გენოციდად თვლიან, უნდა ჩაერიონ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით. ეს არის, რაც ხალხს სურს? მე ვფიქრობ, რომ არა. ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც უკრაინას არ დაეხმარება". - ამბობს საფრანგეთის პრეზიდენტი.

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან". – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ". - მიმართავს ბაიდენი ამერიკელ ხალხს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

 

კომენტარები