რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ეს მართლაც გენოციდია, მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Government/Facebook

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელ ხალხს არ სურს საკუთარი თავისუფლების დათმობა, ამის შედეგად კი, რუსეთი მათ გენოციდს უწყობს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ უკრაინის, არამედ 100-ზე მეტი ეროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.

"ეს მართლაც გენოციდია. მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები, უკრაინაში 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს. ეს არის ყველა ამ ეროვნების განადგურების მცდელობა და ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში". - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე, პრეზიდენტი ზელენსკი შეეხო რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ ქმედებებს უკრაინაში. მისი შეფასებით, ეს "უკრაინელი ერის მიზანმიმართული წამებაა". მან ასევე აღნიშნა, რომ ომის დანაშაულებში პასუხისმგებლობა არამხოლოდ ვლადიმირ პუტინს, არამედ თითოეულ რუს სამხედრო მეთაურს უნდა დაეკისროს, იმ ადამიანებს, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის ლიკვიდირების ბრძანებებს გასცემენ.

"როდესაც ზურგზე ხელშეკრულ, თავმოკვეთილ ადამიანებს ვპოულობთ, ეს მე არ მესმის. მე არ მესმის მათი, ვინც ბავშვები აწამა და მოკლა. მხოლოდ მოკვლა არ იყო მათთვის საკმრაისი? შესაძლოა მათ სურდეთ ოქრო, ან სარეცხი მანქანების წაღება, მაგრამ ამის გარდა, ისინი მიზანმიმართულად აწამებდნენ ადამიანებს" - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები