Agence France-Presse-ის ცნობით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ, დღეს, ოთხ აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ბუჩაში ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობას გამოეხმაურა. მაკრონის თქმით, აშკარაა, რომ ეს დანაშაული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ არის ჩადენილი და ამის გამო რუსეთს დამატებითი სანქციები უნდა დაუწესდეს.
"რამდენჯერ გქონდათ მოლაპარაკება პუტინთან და რას მიაღწიეთ? ჩვენ არ ვმსჯელობთ, არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კრიმინალებთან. დამნაშავეებს უნდა ებრძოლო. ჰიტლერთან მოლაპარაკება არავის დაუწყია. ჰიტლერს, სტალინსა და პოლ პოტს მოლაპარაკებას დაუწყებდით?" - თქვა პოლონეთის პრემიერმინისტრმა.
მორავიეცკიმ მოკავშირეებს რუსეთის ქმედებების გამოძიებასა და დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.
"რუსების, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილი სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა იმსახურებს ეწოდებოდეს ის, რაც არის. ეს არის გენოციდი და ის (რუსეთი) უნდა დაისაჯოს. სწორედ ამიტომ გათავაზობთ საერთაშორისო კომისიის შექმნას, რათა გენოციდის დანაშაული გამოიძიოს.
[...] ასეთი კომისია აუცილებელია, თუ რუსეთის ფაშისტური დანაშაულების მასშტაბის შესახებ სიმართლის გარკვევა გვინდა. აუცილებელია მკაფიო და განსაზღვრული სანქციები. ეს სანქციები არ მუშაობს." - თქვა მორავიეცკიმ.
ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.
-
ზელენსკი: ეს მართლაც გენოციდია, მთელი ერის მკვლელობის ოპერაცია
-
კულება ბუჩაზე: რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ
უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს.
კიევის ოლქში, დედაქალაქის გარშემო დასახლებულ პუნქტებზე, ირპენზე, ბუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.