უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი წერს, რომ რადამ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
"უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა". - წერს ის Twitter-ზე.
ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - გათავისუფლების შემდეგ უკრაინელებმა სოფელ ბუჩაში არაერთი საერთო საფლავი აღმოაჩინეს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 400-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი. ოკუპანტები ბლოკავენ ჰუმანიტარულ დერეფნებსაც, რომლითაც მოსახლეობას საკვები და წყალი მიეწოდებათ. ასევე, ესვრიან მოქალაქეებს, რომლებიც ევაკუაციას ცდილობენ. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.
რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.